პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა
77 წლის ასაკში პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა.
დაიბადა სოფელ კაწალხევში (დუშეთი, ფშავი). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
გამოცემული აქვს წიგნები: „ცა გაზაფხულის ტოტებში”, „ჯერ ნაპირამდე შორია“, „ჯერ გულში იბადებოდა“, „დაგცადე ათასფერადა“, „წყარო მუხის ჩეროში“, „ცის და მიწის სინათლეში“, „გულს მუდამ ახსოვხარ“, „სასწაულები ისევ გრძელდება“, „სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს“, „ყვავილი ღმერთის უბეში“ ,„თუ უკვდავების ვიპოვე წყარო“ ,„სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი“.
ავტორია ნატუროპათიულ თემაზე შექმნილი წიგნისა „სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს)“.
2022 წელს დაიბეჭდა ვაჟა ხორნაულის მე-20 პოეტური კრებული „როცა ცა გიახლოვდება”, რომელშიც 1000-მდე ტანკასებრია გამოქვეყნებული. ამ წიგნით 75 წლის პოეტმა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო“ დაიმსახურა.
სვეტიცხოვლის ეზოში
ცა იმახსოვრებს შორეულ კოცონს
და გარდასული დღეების სევდას;
ვინც საქართველოს
წარსულით ცოცხლობს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.
ისმის ტკივილი წაქცეულ გულთა
და გაბზარული თაღების ელდა;
ვინც საქართველოს
წარსულით სუნთქავს,
ის საქართველოს მომავალს ხედავს.
კვლავ გათენდება ზღაპრული დილა,
კვლავ იელვარებს ბებერი კითხვა…
თუ საქართველო
ძილშიაც გტკივა,
იცოცხლებ, დიდხანს, ძალიან დიდხანს.
ვაჟა ხორნაული