ჯონ მირშაიმერი: ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობის მომავალი განქორწინების თუ არა, სერიოზული დაყოფისკენ მიდის
“ევროპას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ – ამ გადმოსახედიდან კი ვაშინგტონისთვის აღმოსავლეთ აზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპა”, – ამის შესახებ გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რეალიზმის ახალი თეორიის ავტორმა, ჯონ მირშაიმერმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.
„1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის შემდეგაც, ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტს ევროპაში მიმდინარე ომს ანიჭებდა. 2017 წლამდე ევროპა ვაშინგტონისთვის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო. მაგრამ ეს შეიცვალა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ აზიაა, ვინაიდან სწორედ აქ არის ჩინეთი, ჩინეთი კი ვაშინგტონისთვის უპირველესი საფრთხეა. პენტაგონში ზოგი ჩინეთს მდევარ საფრთხეს უწოდებს, ამ მიზეზით კი 2011 წლიდან, სწორედ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას გვესმის საუბარი ვაშინგტონის გეოპოლიტიკის ინტერესების სიმძიმის ცენტრის აზიისკენ გადანაცვლების შესახებ. ეს კი თავისთავად ნიშნავს ევროპისგან დაშორებას.
საერთაშორისო სისტემაში ძალთა განაწილების სტრუქტურას თუ შევხედავთ, ამერიკელების თვალსაზრისს თუ ავიღებთ – ევროპა დიდი პრობლემების წინაშეა, ვინაიდან ის აღარ წარმოადგენს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტს. მისი ადგილი აღმოსავლეთ აზიამ დაიკავა. ვაშინგტონის სტრატეგიული ინტერესის შემადგენელია ევროპიდან გასვლა. ასევე გასათვალისწინებელია რომ ტრამპს ევროპა სძულს, მას სძულს ევროპელი ლიდერები. პრეზიდენტ ტრამპის შეფასებით მისი სახელმწიფო და ევროპა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ – ევროპა არასწორ გზას ადგას. ვინაიდან ტრამპს ევროპელები სძულს, მას მათი მიტოვებაც სურს. მას სურს, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ომი ამ თვალსაზრისით – ტრამპს სურს, რომ ეს ომი ევროპამ იტვირთოს, ტრამპი არ არის დაინტერესებული უკრაინის ომში ევროპელ მოკავშირეებთან ახლო თანამშრომლობით. მისი გადმოსახედიდან ომი შორს არის და სწორედ ევროპელებს გადაულოცავს ამ ომის ტვირთს. ტრამპი ევროპელებს როგორც უნიათოებს, ისე ეპყრობა და სწორედ მათ აიძულებს ამ ომის დაფინანსებას, ევროპას კი ამის ფული არ გააჩნია და სწორედ ამიტომ იპარავს რუსულ აქტივებს.
ეს ტრამპს კი ნაკლებად ადარდებს, ის საერთოდ არ არის დაინტერესებული ევროპელებს დაეხმაროს. ის დიდი სიამოვნებით დატოვებდა ევროპას, ამავე დროს ვაშინგტონი დაინტერესებულია, რაც შეიძლება გაზარდოს კუთვნილი სამხედრო რესურსი აღმოსავლეთ აზიაში, ეს კი პირდაპირ ნიშნავს ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის შემცირებას. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთობის მომავალი განქორწინების თუ არა, სერიოზული დაყოფისკენ მიდის, ეს დაახლოებით სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების მიზეზით ურთიერთობის დაკარგვას მაგონებს“, – აღნიშნა ჯონ მირშაიმერმა.