ამირან სალუქვაძე: ეს არ იყო ინტერვიუ, ეს იყო კამათი

სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან სალომე ასათიანის ინტერვიუს აფასებს. სალუქვაძე ჟურალისტს ინტერვიუს წარმართვის მეთოდს უწუნებს და კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
„ამ ინტერვიუს მსვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე დისკუსიაში დავპირდი მეგობრებს, რომ ჩემს მოსაზრებას გამოვხატავდი. დავიწყე დღეს წერა, პარალელურად ვუსმენდი და ვწერდი. ინტერვიუს გადმოცემა და, მით უმეტეს ანალიზი, შეუძლებელია. ფაქტობრივად, ექსპრემიერი ერთ-ორ ადგილას წუთნახევარი უწყვეტად საუბრობს. დანრჩენ შემთვევაში წუთი არ უსაუბრია შეწყვეტის გარეშე. ისიც არ შემეძლო, რომ რაიმე არ დამეწერა. ვისაც დავპირდი, იფიქრებდა, რომ გავერიდე თემას. დავწერე დაახლოებით 4-5 გვერდი და აბდაუბდა გამომივიდა. ამ ინტერვიუს აღწერა შეუძლებელია. ეს არ იყო ინტერვიუ, ეს იყო კამათი, კაპასი…
4 წელზე მეტია ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და პოლიტიკაშია და არც ერთხელ არ დამიწერია მისი საქებარი სიტყვები, რადგან ჩემს თავს ჩავუთვლიდი (ან სხვა ჩამითვლიდა) მლიქვნელობად. ახლა პირველად ვაქებ – მაგარი მოთმინება ჰქონია, რომ არ დატოვა სტუდია.
ვიტყვი ერთს, თუ შეთანხმება არსებობდა წერილის განხილვასთან დაკავშირებით, მინიმუმ 80% უნდა ესაუბრათ წერილის ირგვლივ, თემების მიხედვით, ასეთი სქემით: წერილის თემა, ჟურნალისტის კითხვა, რესპონდენტის პასუხი, ჩაკითხვა/დაზუსტება, პასუხი. თემატურ საუბარს სხვა ცოდნა ესაჭიროება. მოიტყუო შეთანხმებით და მერე ესაუბრო ყველაფერზე იმის გარდა, რაზეც შეთანხმდი, არაა მართებული. თან დაიწყებდა საკითხს, მერე ხტებოდა სხვა თემაზე.
მაგალითად, საყდრისის თემა. დასვა კითხვა. რესპონდენტი ეკითხება, თქვენი იცით ეს თემა? კარგი, ვატყობ წერილზე არ გსურთ საუბარი, მივყვეთ საყდრისის თემას, თუ თქვენ მზად ხართ. ამაზე პასუხობს, რომ არ სურს საყდრისზე საუბარი.
დაახლოებით 15 წუთი ივანიშვილის სტატუსის გარკვევაზე დახარჯა. მუდმივად ახსენებდა სიმდიდრეს, ბევრ ფულს, ხშირად უტაქტოდ. ყველაზე გაუგებარი იყო, როცა ორჯერ უთხრა, საკონსტიტუციო ველიდან ხართ გასულიო. ეტყობა, არ იცის, რა არის საკონსტიტუციო ველიდან გასვლა. მოკლედ, რაც ვიხილეთ, ეს არ იყო ინტერვიუ. მოისმინეთ კობა ლიკლიკაძის ინტერვიუები, ისაა რადიო „თავისუფლების“ და, ზოგადად, ინტერვიუს სტანდარტი. ეს კი, არ ვიცი, რა არის. მხოლოდ ინტონაცია არაა საკმარისი, სიღრმისეული განათლებაა საჭირო და ინტერვიუს გაძღოლის წესის ცოდნა. არც დიპლომების რაოდენობა მიუთითებს ცოდნაზე. სხვათა შორის, დვანის ინტერვიუ რომ მოიყვანა და ვიდეო გვაჩვენა, რა იყო იქ გაუგებარი ვერ ვხვდები, რა პრეტენზიაა იმ ინტერვიუსთან?
არანაირად არ მინდა არც ხელისუფლების, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატობა. მე საკმარის კრიტიკას ვწერდი წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლაც ვწერ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. მაშინაც ვიყენებდი და ახლაც ვიყენებ პირად კონტაქტებს და სტატიების წერის გარდა, ვისთანაც ახლოს ვარ, ვაწვდი ხოლმე ჩემს მოსაზრებებს, კრიტიკასაც. პოსტი ეხება არა რესპონდენტის პასუხებს, ან მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, არამედ ინტერვიუს წარმართვას. ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს, სანამ დაწერთ კომენტარს, ჯერ ხელახლა ნახეთ, ოღონდ, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტი ხართ, დაივიწყეთ ვინაა, რესპონდენტი და ან დაივიწყეთ, რომ ოპონენტია და ისე უცქირეთ… მოკლედ, ვიდეოს დავდებ და თუ კონკრეტულ საკითხზე რაიმეს მკითხავთ, გიპასუხებთ“,- წერს ამირან სალუქვაძე და ინტერვიუს ბმულს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები