„კამერტონი-საქართველო” 5 წლისაა – კონცერტი კულტურის სამინისტროში

3 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში საერთაშორისო მუსიკალური პროექტის – „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლები კონცერტს გამართავენ. ღონისძიება „კამერტონი-საქართველოს“ 5 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: პიანისტები – ირმა გიგანი, ანი გიგაური, თათა მახარაძე, ლევან უგულავა, კლარნეტისტები – ნოდარ მდივანი, გიორგი ოიკაშვილი, მევიოლინეები – სენდი ვართანოვი, ნატა როინიშვილი, ასევე – „კამერტონის” მეგობრები – მევიოლინე თამარ ქორქაძე და ვიოლონჩელისტი მირიან კვალიაშვილი.
მუსიკოსები მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას წარმოადგენენ. საერთაშორისო პროექტი „კამერტონი” საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon e.V -ის ეგიდით ფუნქციონირებს და მოზარდთა მუსიკალური განათლების განვითარებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს უჭერს მხარს.
„კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს საქართველო 2011 წელს შეუერთდა. პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა: ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. „კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. საქართველოში პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი. პროექტის მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბერლინის სენატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები