ბათუმში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან

 ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ტოსკას“ პრემიერისთვის ემზადებიან. საოპერო დასის სოლისტები ინტენსიურად მუშაობენ დირიჟორ მაურიციო ჩამპისთან, რომელიც რომის სანტა ჩეჩილიას სახელობის კონსერვატორიის საოპერო მიმართულების პროფესორია (იტალია, სიცილია).
დამდგმელი რეჟისორია ჰანს-იოაჰიმ ფრეი (გერმანია). იოაჰიმ ფრეის, 2008-2010წწ-ში დადგმული აქვს „აიდა“, „მფრინავი ჰოლანდიელი“ და „ტურანდოტი“, რომელიც გაიმართა „ბრემენის“ ტბაზე, სპექტაკლს 35 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
რეჟისორი რუსეთშიც დგამს სპექტაკლებს, „მიხაილოვსკის“ „მარიინის“ თეატრებში სანქტ-პეტერბურგში,ასევე მოსკოვში „ბორის პოკროვსკის“ ოპერის კამერულ თეატრში. 2014 წლიდან არის მოსკოვის „დიდი თეატრის“ მუდმივი კონსულტანტი. 2012 წელს იოაჰიმმა დადგა რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“ ულან-უდესა და ირკუტსკის თეატრებში. 2014 წელს, ულან-უდეში დადგა ვ.ა. მოცარტის ოპერა „ასე იქცევა ყველა ქალი“. 2015 წ. მონაწილეობდა  ვლადივასტოკში „პრიმორსკის“თეატრის გახსნაში, სადაც დადგა ჯ.პუჩინის ოპერა „ტოსკა“. 2015წ. ჰანს-იოაჰიმ ფრეიმ პეკინის ნაციონალურ თეატრში დადგმული აქვს რ.შტრაუსის ოპერა“სალომეა“.
ბათუმის საოპერო დასთან, იოაჰიმ ფრეი, პირველად მუშაობს, პრემიერები 15-18 მაისს გაიმართება და საოპერო დასის წამყვან სოლისტებთან  -ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად, ოპერა “ტოსკაში“ მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.
სპექტაკლს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, დაესწრება ქართველი საოპერო დივა, „ტოსკას” ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ცისანა ტატიშვილი. ბათუმის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ჯახუტაშვილის მიწვევით, პრემიერაზე, ბათუმში ასევე ელოდებიან – მედეა ამირანაშვილს, მაყვალა ქასრაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, თამარ გურგენიძეს, ანიტა რაჭველიშვილს, თენგიზ მუშკუდიანს, ელდარ გეწაძეს, თამარ ივერს, მზია ნიორაძეს… გამოჩენილ რეჟისორებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს.
„ტოსკა“ ერთ-ერთი ყველაზე რეპერტუარული ოპერაა მსოფლიოს მუსიკალურ თეატრებში. „ტოსკა“ პირველად თბილისში 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა და ეს იყო საბენეფისო სპექტაკლი: რენე რადინასთვის, გლადკოვისთვის და ფიგნერისთვის. მისი არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ბათუმის საოპერო დასი, „ტოსკას“ პირველად შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები