„არა ტერორიზმს“! – პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

In Memoriam – ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 23 აპრილს, 19.00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და რომლის გზავნილია: „არა ტერორიზმს!“
საღამოზე ორი რეკვიემი შესრულდება, მოცარტის უკვდავი „რეკვიემი“ და ეკა ჭაბაშვილის „რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლისთვის“, რომელთაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. ეს ნაწარმოებები ეძღვნება ყველა უდანაშაულოდ დაღუპულს როგორც საფრანგეთის ტერაქტებში, ისე 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველ ბიჭებს.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „რეკვიემს“, ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად სოლისტები: სალომე ჯიქია, ირინა ალექსიძე, ირაკლი მურჯიკნელი და ლეგი იმედაშვილი შეასრულებენ. ამ ნაწარმოების მოსამზადებლად ოპერის თეატრის დირექციამ გერმანიიდან მოიწვია ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი. ის მსმენელს სრულიად „განსხვავებულ“ რეკვიემს წარუდგენს, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდება კომპოზიტორის სტილისა და ეპოქისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერას.
მოცარტის „რეკვიემთან“ ერთად 23 აპრილს ოპერაში აჟღერდება თანამედროვე მუსიკა. ეს არის ეკა ჭაბაშვილის „რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლისთვის“. ეკა ჭაბაშვილის „რეკვიემის“ შესრულებაში მონაწილეობენ: ირინა შერაზადიშვილი, თამთა კორძაია, თინათინ მამულაშვილი, თეიმურაზ აზალაძე, ირაკლი მუჯირი.
ეკა ჭაბაშვილის „რეკვიემი“ 2012 წელს დაიწერა. ნაწარმოები ღვთის სადიდებლადაა შექმნილი და ნებისმიერი იმ ადამიანისადმია მიძღვნილი, ვინც უსამართლო გარემოებას შეეწირა, ისევე, როგორც თვით ქრისტე ადამიანად ყოფნისას. ეს ნაწარმოები 2008 წლის ომსაც უკავშირდება. 2008-ში ეკა ჭაბაშვილი თავად გახლდათ ამ საშინელი მოვლენის მოწმე. ამ საზარელ სანახაობაში მან თითქოს ყოველი მოქალაქის უსუსურობა და განწირულობა იგრძნო, ხედავდა თავგზააბნეულ, შეშინებულ ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ, სად გაქცეოდნენ ამ განუკითხაობას.
ამ უნიკალურ საღამოზე დასწრება მაყურებელს მხოლოდ ერთი დღით, 23 აპრილს შეეძლება. ბილეთები იყიდება როგორც ოპერის სალაროებში, ისე www.tkt.ge -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები