გადაიღე საქართველოში – კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის წარდგენა ლოს-ანჯელესში

ლოს- ანჯელესში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით პროგრამის “გადაიღე საქართველოში” წარდგენა მიმდინარეობს.
ამერიკულ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვეა დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” და დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო კინომწარმოებლებს შორის.
პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა:
• შეხვედრები საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის პროგრამის ფარგლებში დანერგილი ე.წ cash rebate მექანიზმს დეტალურად გაცნობა, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.
• Location Show-ზე სამი დღის განმავლობაში ქართული სტენდის ქვეშ ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარდგენა;
• საქართველოში კინოგადაღების კუთხით არსებული ხელსაყრელი ლოკაციების ფოტოგამოფენა და აუდიტორიისთვის ვიდეორგოლის – „გადაიღე საქართველოში” ჩვენება;
• 25 აპრილს დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების მიღება, რომელთაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი – ანა კვარაცხელია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქეთევან ბოჭორიშვილი უმასპინძლებენ.
კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ლოს – ანჯელესში ასევე იმყოფება ეროვნული კინოცენტრის ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს ისეთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიცაა: Disney, ICM Talent Agency, Motion Picture Association, CAA Talent Agency და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები