პროექტი „გერმანული ენის თვე“ იწყება
პროექტი „გერმანული ენის თვე“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება, 22 აპრილიდან 3 ივნისამდე გრძელდება და თავისი შინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს, რაც გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება.
პროგრამაშია სპექტაკლები, ლიტერატურული საღამოები, კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“, კინოჩვენება, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა.
ეს ღონისძიებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით ჩატარდება – ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.
პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად 26 აპრილს, 19:30 საათზე, მოძრაობის თეატრში ჯგუფ GANKINO CIRCUS-ის შოუკონცერტით გაიხსნება. ეს არის 4 -კაციანი პოპულარული გერმანული ჯგუფი, რომელიც უკრავს ხალხურ მუსიკას. პროექტის კალენდარი დატვირთულია საინტერესო კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მათ შორის 6-7-8 მაისს დაგეგმილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი „მრისხანება“, ცნობილი თანამედროვე მწერლისა და დრამატურგის ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით.
8 მაისს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნინო ხარატიშვილი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდება. თავისი უახლესი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ ნინო ხარატიშვილმა საქართველო და მისი ისტორია ათასობით გერმანელ მკითხველს გააცნო და ამ რეგიონის მათ „შინაგან რუკაზე“ განთავსება შეძლო.
სწორედ ამ წიგნით მან გერმანული კრიტიკისა და პუბლიკის დიდი აღიარება მოიპოვა.
11 მაისს გოეთეს დღეების მთავარი ღონისძიებაა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაიმართება გალაკონცერტი და სიგელებითა და პრიზებით სტუდენტების საზეიმო დაჯილდოება.
11, 12 და 13 მაისს თბილისის ქუჩებში კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“ მოეწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე დამალული იქნება სტიკერები გერმანული ლექსებით. კონკურსში მონაწილეებმა უნდა იპოვონ ეს ლექსები, გადაიღონ ფოტო ან ვიდეოსტიკერების წინ და ატვირთონ ფეისბუქის საკუთარ კედელზე ან ფეისბუქის გვერდზე – „სამი ქვეყანა ერთი ენა“. ის ადამიანი, ან წყვილი, ან ჯგუფი, რომელიც სამი დღის განმავლობაში დააგროვებს ქულების ყველაზე მეტ რაოდენობას ჩაითვლება გამარჯვებულად.
16 მაისს მწერალთა სახლი უმასპინძლებს ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურულ საღამოს და ცნობილ ავსტრიელ მწერალთან შეხვედრას.
25 მაისს კინოთეატრ „რუსთაველში“ შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება კინოჩვენება ფილმისა „ჰაიდი“ (2015). 21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის ღონისძიება-შეხვედრა „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“ DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ორგანიზებით, სადაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სრულყოფილად გაეცნობიან გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებს.
ინიციატივის „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA). „გერმანული ენის თვით“ ეს ორგანიზაციები 2013 წლიდან რამდენიმე უცხო ენისა და მათ შორის გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე აკეთებენ მნიშვნელოვან აქცენტებს. მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს გერმანულ ენაზე, მშობლიური ან უცხო ენის სახით. ევროპაში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის გერმანული მშობლიურ ენას წარმოადგენს. ამგვარად გერმანული ყველაზე გავრცელებული ენაა თანამედროვე ევროპისთვის. გერმანულენოვან ქვეყნებს მდიდარი ტრადიციები გააჩნიათ განათლების სფეროში. გერმანული ენის ცოდნა გერმანულენოვანი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერის გამო მთელ მსოფლიოში დასაქმების კარგ შანსებს იძლევა.