რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 20 და 21 აპრილს, რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას სპექტაკლის „შექსპირი სიყვარულზე“ პრემიერა გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. აღნიშნულ თარიღს მსოფლიოს სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებით თუ წარმოდგენით აღნიშნავს. ”ქორეოგრაფიული ფანტაზია – „შექსპირი სიყვარულზე” დიდი შემოქმედის პიესებსა და სონეტებს (სიყვარულის თემის ირგვლივ) სინთეზური სანახაობით აერთიანებს. შექსპირისეულ სიუჟეტებს მსახიობები სხეულის ენით გაითამაშებენ და ცნობილ პერსონაჟებს თანამედროვე ცეკვის ენით გააცოცხლებენ. სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიოჩანაწერი და ორი დიდი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ჯონ კეიჯის ნაწარმოებები. დადგმაში მონაწილეობას მიიღებს პიანისტი ნინო ჟვანია, რომელიც ამერიკული ავანგარდული და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელის ჯონ კეიჯის საფორტეპიანო კომპოზიცებს ცოცხლად შეასრულებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სპექტაკლში მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობები: ლელა ალიბეგაშვილი, ლელა ახალაია, ნათია კვაშალი, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, გაგი სვანიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გეგა ჩხაიძე, ქეთი ხიტირი, ლაშა ჯუხარაშვილი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი – ნათია ბუნტური. ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვრობა ანა ნინუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები