ელენე ახვლედიანის დაბადების დღეს მისი სახელობის ბავშვთა გალერეაში აღნიშნავენ

დღეს ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა. მისი სახელობის ბავშვთა გალერეა 16:00 საათზე საინტერესო გამოფენაზე გიწვევთ. 

„კვირა“ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეის დირექტორს, ქალბატონ ლია გორგაძეს ესაუბრა:

„ ყოველთვის გვქონდა ტრადიცია, რომ 18 აპრილს ქალბატონ ელენეს სახლში მივდიოდით. წელს მთავარი ბიბლიოთეკიდან შემოგვთავაზეს ერთობლივი საღამოს მოწყობა. გადავწყვიტეთ, ეს ტრადიცია დავარღვიოთ, თან დღეს შუა კვირაა, ბავშვებს მაინც ვერ წავიყვანთ და ამიტომ სტუმრად შაბათ-კვირას მივალთ. დღეს გვექნება ფოტოგამოფენა, რომელი ადგილებიც ქალბატონ ელენეს უყვარდა, სადაც დადიოდა, ხატავდა, ბავშვებმა ის ადგილები გადაიღეს…
– ემზადებოდით? 13046170_1278112742217331_1609763747_n
– რასაკვირველია, ემზადებოდნენ. საღამოში ვირსალაძის ხელოვნების სკოლა მონაწილეობს, ძირითადად, უფროსები არიან. გამოფენა ალბათ დღესვე დაიხურება. ჩვენ სააღდგომო გამოფენისთვის ვემზადებით.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გალერეას ქალბატონ ელენესთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა, იმიტომ არის მისი სახელობის. გარდა იმისა, რომ მას ძალიან უყვარდა ბავშვები და მათი შემოქმედება, სანამ არ იყო გალერეა, ბავშვების გამოფენებს საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. შემდეგ ჩვენი გალერეა რომ დაარსდა, ამაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ბავშვთა ხელოვნების მუზეუმი – ასე ერქვა თავიდან, მერე გალერეად გადაკეთდა. დიდ პატივად ვთვლით, რომ მისი  სახელობის ვართ. ძალიან ვცდილობთ, რასაც ქალბატონი ელენე ემსახურებოდა – არაჩვეულებრივი განწყობა ბავშვების მიმართ და თავისი ქალაქის სიყვარული, – ეს ყველაფერი ბავშვებს გავაცნოთ“.

ელენე ახვლედიანი 1901 წელს თელავში დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. მისი ნახატები პირველად ელენეს მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. 1939 წელს ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც “პატარა საქართველოდ” აქცია. ახლა იქ მისი სახლ-მუზეუმია. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. 1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მხატვარი 1975 წელს პოპულარობის ზენიტში თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები