გამოფენა „სათავეებთან“ გაიხსნება

20 აპრილს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „სათავეებთან“ (საქართველოს პირველი მუზეუმების სათავეებთან) გაიხსნება. გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი მხატვრების ესკიზები და ამ ესკიზების მიხედვით შექმნილი ნამუშევრები, ასევე, მუზეუმის არქივში დაცული მდიდარი ფოტომასალის ნაწილი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 1920 -30-იან წლებში შესრულებული ალბომები, სადაც ქართული არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, თუ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებია დაფიქსირებული.
კავკასიის კუსტარული კომიტეტი თავისი საქმიანობის დასაწყისში (1899)კერამიკის, ოქრომჭედლობისა თუ ნაქარგობის იმ ასწლოვან რესურსებსა და ტრადიციებს იყენებდა, რაც კავკასიაში იმ დროს არსებობდა, თუმცა, ამის პარალელურად, კომიტეტი ახალ სახელოსნოებსაც ქმნიდა, სადაც ნამუშევრები უკვე კომიტეტის მხატვრების ესკიზების მიხედვით იქმნებოდა. ასეთი სახელოსნოების რიცხვს მიეკუთვნებოდა ვერცხლის ფილიგრანის სახელოსნო ახალციხეში, ქალთა ხელსაქმის სკოლა “განათლება” და ხალიჩების სახელოსნოები აზერბაიჯანსა და დაღესტანში. ამ საქმიანობის პარალელურად კავკასიის კუსტარული კომიტეტის ბიბლიოთეკა მრავალფეროვან ლიტერატურასა და ფოტომასალებს აგროვებდა, რომლებიც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და არქიტექტეტურის მრავალფეროვან ძეგლებს ასახავდნენ.
ცნობილი ფოტოგრაფების – ერმაკოვის, როინაშვილის გვერდით მუზეუმის არქივებში გვხვდება ჩვენთვის აქამდე სრულიად უცნობი ფოტოგრაფების სახელებიც. ამ ტიპის საქმიანობა კიდევ უფრო აქტიური გახდა კომიტეტის ბაზაზე შინამრეწველობის მუზეუმის გახსნის შემდეგ (1913). ამ დროიდან გამოცდილი მხატვრების გვერდით ახალგაზრდა მხატვრები სისტემატურ ექსპედიციებს აწყობენ საქართველოს სხვადასხვა ძეგლებზე, სადაც ინტენსიურად იხატავენ არქიტექტურულ დეტალებს, ფრესკებიდან ორნამენტულ სახეებსა თუ სხვადასხვა აქსესუარის ამსახველ მასალებს.
ყველა ეს მასალა შემდგომში საფუძვლად დაედო აესკიზების შემქნას, რომლების მიხედვითაც ახალი ნამუშევრები იქნებოდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში. გამოფენის კურატორი: ირინე კოშორიძე,იზოლდა მელიქიშვილი ტექნიკური უზრუნველყოფა: რობერტ მიმინოშვილი ექსპოზიცია: ნინო ყიფშიძე ექსპონატების საგამოფენოდ მომზადება: ირმა გეგიძე, ცეცილია, ანა ლაცაბიძე, ქეთი გონგაძე, ნინო კოვზიაშვილი, სესილი სორდია გრაფიკული დიზაინი: ნინო ჩაჩხიანი, თინათინ ლუტიძე.
გამოფენის ორგანიზატორები მადლობას უხდიან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის მეცნიერულ ცენტრს გამოფენის მზადების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები