თბილისში ჩეხი ფოტოგრაფის, კარელ ცუდლინის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართება
20 აპრილიდან 1 მაისამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩეხი ფოტოგრაფის კარელ ცუდლინის ფოტონამუშევრების გამოფენა – ,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან“, გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომლებიც 1991 წლის 21 ივნისს ჩეხოსლოვაკიიდან საბჭოთა ჯარის გამოსვლას ასახავს. 30 ივნისს კი საბოლოოდ დასრულდა ქვეყნის 23-წლიანი ოკუპაცია.
კარელ ცუდლინი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის სარედაქციო და საგამომცემლო სახლებთან, ასწავლის პრაღის ხელოვნების აკადემიის ფილმოგრაფიისა და ტელევიზიის სკოლაში. ცნობილია მისი რამდენიმე მონოგრაფია. კარელ ცუდლინი 1997-2002 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო.
ფოტოგრაფს გამართული აქვს პერსონალური გამოფენები პრაღაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, აზერბაიჯანში, ისრაელში, ჰოლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, 50-მდე ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა.
კარელ ცუდლინის ნამუშევრები დაცულია რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო კოლექციაში: სამხატვრო არქიტექტურა და დიზაინის აკადემია პრაღაში, მორავული გალერეა ბრნოში, ლუდვიგის მუზეუმი კიოლნში, ბერლინის კედლის მუზეუმი, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი ლონდონში, ელისეის მუზეუმი ლოზანაში.
ფოტოგრაფი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია Czech Press Photo-ს მიერ (რამდენიმე ინდივიდუალური კატეგორია, კომპანია Kodak-ის ჯილდო), მიღებული აქვს Revolver Revue-სა და პრაღის მერის გრანტი.