დაკავებულია 5 პირი – მათ სახელმწიფოსგან მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს.
გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 371 599 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე.