პროკურატურამ 157 კილოგრამი „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა 157 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც ტვირთში მოათავსა და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
2025 წლის 30 დეკემბერს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 157 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.