თემურ ჭკუასელი: პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლით ქარტეხილებისგან თავისუფლდებიან

„ქართული ოცნების“ წევრის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლით ქარტეხილებისგან თავისუფლებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ კვოტებთან დაკავშირებული ხანგრძლივი განხილვები. დღეს პორტალ ” კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჭკუასელმა“ ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის მომხდარ შესაძლო გარიგებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მხარეებს შორის „რესპუბლიკელების“ უმრავლესობაში დარჩენასთან დაკავშირებით არანაირი გარიგება არ მომხდარა.
„გარიგება არ ყოფილა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა რომც ყოფილიყო, მე ამას აუცილებლად გავიგებდი. „რესპუბლიკელების“ პოზიცია არის წევრგამართული. იმათ თქვეს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ისინი იმას გააკეთებენ, რაც ქვეყანას სჭირდება. გადაწყვეტილება კოალიციაში შემავალი პარტიებისა, რომ დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ძალიან ღირსეული გადაწყვეტილებაა. ერთი შეხედვით ქარტეხილებისგან თავისუფლდებიან, რომ არ დაიწყოს დიდი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები კვოტებზე. ყველა პარტია განთავისუფლდა ამისგან. ზოგმა შეიძლება მეტი ადგილი მიიღოს, ვიდრე მიიღებდა, ან პირიქით, თუმცა თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა“,- განაცხადა ჭკუასელმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში კვოტებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას, ჭკუასელმა განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება.
„არა მგონია, იმიტომ, რომ მათ გააზრებული აქვთ ის, რომ ქვეყანას როგორც სჭირდება, ისე უნდა მოვიქცეთ, განსხვავებით ზოგიერთი პარტიისგან. ისეთი საკითხები პარლამენტში, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, ისედაც არსებობს და მიდის ჩვეულებრივი მუშაობა იმაზე, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე საკითხს. ასე, რომ დამოუკიდბლობის საკითხი ახლა მეტია, ვიდრე ყოფილა და ეს კარგია“,- განაცხადა ჭკუასელმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები