რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, მერაბიშვილის გოშია შოთა ხიზანიშვილი, დათა ახალაიას მარჯვენა ხელი კაკო გაფრინდაშვილი, ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე, მეგის ქარდავა, “მასტერა” – ესენი არიან პირები, რომლებმაც თუ მკვლელობაში არა, მონაწილეობა მიიღეს საქმის გაყალბებაში

უნდა წაგიკითხოთ სია – გვარები და სახელები, რომელიც საქმეში დევს. ეს ჩვენი მხარე არ არის, ამ წუთს ჩვენს მოწმეებზე არ ვლაპარაკობ. ესენი არიან თვითონ მოწმეები რომ ასახელებენ, ან ოქმებზე რომ ხელს აწერენ, ან სასამართლოებში მონაწილეობენ. ამ ხალხმა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იცის სიმართლე, მინიმუმ საკუთარ თავზე იციან, რა გადახდათ და ზეწოლის ქვეშ იყვნენ თუ სიამოვნებით ასრულებდნენ ამას. ამ ხალხმა იცის სიმართლე, – ამის შესახებ ქართველი საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან წაიკითხა იმ ადამიანების სია, რომელიც, მისი თქმით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის მასალებში ფიგურირებენ. რუსუდან შარაძის მიერ ჩამოთვლილების სიაშია საქმის პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც შემდეგ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იყო, შსს-ს ადმინისტრაციის იმდროინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი, ლევან და მეგის ქარდავები, გიორგი დგებუაძე “მასტერა”, ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა თუ მკვლელობაში არა, საქმის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა.

“გიორგი ჩივიაშვილი – საქმის პროკურორი, ვანო მერაბიშვილის არამზადა ადვოკატი და მისი მარჯვენა ხელი, რომელიც გიორგი ბარათელის პროკურორი იყო, ჯალათივით თავზე ადგა და დასცინოდა, ვიცი, რომ არაფერ შუაში შენ არ ხარ, მაგრამ “ზევით” ასე უნდათ და ხელი უნდა მოაწეროო. შოთა ხიზანიშვილი, რომელიც მოვარდა მელიქიშვილზე და სიტუაციას აკონტროლებდა, პანიევს [პოლიციის თანამშრომელი] ჯალათივით ედგა თავზე, რომ პრესასთან ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა, შს ადმინისტრაციის უფროსი, მისი [მერაბიშვილის] გოშია. კაკო გაფრინდაშვილი – ძველი თბილისის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი იყო მაშინ. საქმეში დაფიქსირებულია ყველა ეს სახელი და გვარი, ვარაუდით არ მომაქვს. მოსამართლეები: ბადრი კოჭლამაზაშვილი, მაია ოშხარელი, რომელიც ვიცით, გარდაცვლილია, დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი, ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე. ნანა ფაჟავას მოწმის სია: მეგის ქარდავა, “მასტერა”, გია ფაჩულია, თემურ ჯგერენაია, თენგიზ გუნავა, კობა ნარსია, კახა ლატარია, კოხტა კოდუა, კოხტა კოდუას ბიძა, ლაშა ექონია, ზაზა ხასაია, გურიკა ჭითანავა – ეს გურიკა ჭითანავა დაკავებული იყო კასრების აღმოჩენის დროს. კახა მიქაიას მოწმის სია: ლევან ქარდავა -მეგის ქარდავას ძმა, გიორგი დგებუაძე “მასტერა”, კუდ-ის ორი თანამშრომელი და თვითონ ეს მოწმე.
პოლიციელების და გამომძიებლების სია საქმის მასალებიდან: რობერტ პანიევი, ლევან ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ გოგიაშვილი – ამ სამმა მოახდინა ბარათელის ფაქტობრივი დაკავება. მალხაზ ბოხუა – კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ზურაბ ბურჯალიანი – პოლიციაში დაკავების და ჩხრეკის ოქმი და ყველა სისულელე ამან გააკეთა.” – აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

მან ასევე დაასახელა საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გვარები და განაცხადა, რომ ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ესენი არიან პირები, რომლებმაც “თუ მკვლელობაში არ მიიღეს მონაწილეობა, მონაწილეობა მიიღეს საქმის გაყალბებაში.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები