„ეს იყო სიყვარული პირველი ნახვით“ – ანა მელქონიანის „ფიქრები“ და სურვილი, რომელიც მუდამ შენშია

დაიბადა თბილისში.  2021 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
ქმნის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებსაც ინდივიდუალური სტილი გამოარჩევს.
მისი ნამუშევრები ინახება ბევრ კერძო კოლექციაში საქართველოსა და საზღვარგარეთ, ასევე საქართველოს ეროვნული სასახლის მუზეუმში.
ფიქრობს, რომ ამ წლის ბოლომდე გამოფენისთვისაც მოემზადოს. – ანა მელქონიანის პერსონა.
– ბავშვობიდან გაინტერესებდათ ხატვა, ხატავდით სკოლაშიც…
– მხატვრობამ დამაინტერესა იმ წამიდან, როგორც კი გავაცნობიერე მისი არსებობა. ეს იყო სიყვარული პირველი ნახვით. თავიდანვე მივხვდი, რომ ამ საქმეს გავყვებოდი.
– სამხატვრო აკადემია და სტუდენტობა…
– სამხატვრო აკადემიას და სტუდენტობა… ყველაფერი მანდ შევიძინე. სწავლის გარდა გავიცანი ადამიანები, რომლებსაც შემიძლია ყველაფერი გავუზიარო, თანამოაზრეები, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები. დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე. ფაქტობრივად ყველაფერ კარგს, რაც ახლა მაქვს ცხოვრებაში, დასაბამი მიეცა სტუდენტობის წლებში.
– ფერწერა და გრაფიკა – მაინც რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
– ფერწერა და გრაფიკა ერთნაირად საინტერესოა ჩემთვის, ძალიან განსხვავდება, არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ემოციით. ფერწერის შემთხვევაში მეტად თავისუფალი ხარ, მაგრამ გრაფიკული ნამუშევრის შესრულების პროცესს თავისი ხიბლი აქვს, მეტად კონცენტრირებული ხარ და ამ ყველაფერს უამრავი ფიქრი მოაქვს, ძალიან განსხვავებული, ვიდრე ფერწერულ ტილოზე მუშაობის დროს.
– არაჩვეულებრივი შესრულება და  ფერთა სასწაული  გამა… – სოციალურ ქსელში თავად მხატვრები აფასებენ თქვენს შემოქმედებას. ფერთა ეს გამა თავიდანვე იცით თუ მერე მუშაობის პროცესში მოდის ფერები?
– არასდროს ვიცი, როგორი იქნება ნახატი ბოლომდე. დაახლოებით მაქვს წარმოდგენა და შემდეგ ყველაფერი პროცესში იბადება.
–  სახე,  თვალები, მზერა… მზერა და ფიქრიც იმიტომ თუ ჰქვია ნახატებს, რომ თვალები მრავლისდამტევია?
– „ფიქრები“ ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი სერიაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფიქრები და ემოცია, რომელიც ადამიანს უჩნდება ნამუშევრის ნახვის დროს და, როგორც წესი, ყველა განსხვავებულია. ეგ არის ყველაზე საინტერესო. ამიტომაც სახელი საკმაოდ პირობითია, რათა კონკრეტული მიმართულებით არ წაიყვანოს მნახველი.
– როგორ იწყებთ ხატვას – თავიდანვე იცით, რას დახატავთ თუ მუშაობის პროცესში მოდის შთაგონება?  თუ გჭირდებათ შთაგონება?
– როგორც ვახსენე, თავიდან არ ვიცი, როგორი ნახატი გამოვა, ესეც შეიძლება ჩაითვალოს შთაგონებად. არ მაქვს პასუხი იმაზე, რა გამოძრავებს ხატვის დროს ან რატომ იწყებ ხატვას. სურვილია, რომელიც მუდამ არის შენში და შედგება ათასი წვრილმანისგან.  ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს –  სიტყვამ ან თუნდაც გამოხედვამ, ქვეცნობიერმა არა არაცნობიერმა, ჩემთვის სრულიად ამოუცნობია და ეგ არის მისი მთავარი ხიბლი, შეიძლება არც საჭიროებს ჩაძიებას, უბრალოდ მშვენიერია თავისი არსებობით.
– ერთი ნამუშევრის  ისტორია…

– გამიჭირდება, გავიხსენო რაიმე ნამუშევრის შექმნის ისტორია, რადგან დასრულების შემდეგ ვუშვებ იმ ემოციას და ახლის მოლოდინში ვარ.
– როგორი უნდა იყოს მხატვარი?
– ძალიან მარტივია –  მხატვარი უნდა იყოს თავისუფალი.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
–  ვმუშაობ სერიაზე „ფიქრები“, ამოუწურავი თემაა, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს.
–  რომელ კოლექციებში ინახება თქვენი ნამუშევრები და როდის აპირებთ გამოფენას?
– ბევრ კერძო კოლექციაში ინახება ჩემი ნამუშევრები, საქართველოსა და საზღვარგარეთ, ასევე საქართველოს ეროვნული სასახლის მუზეუმში. გამოფენას რაც შეეხება, მსურს  ამ წლის ბოლოს გავაკეთო, საკმაოდ რთული პროცესია.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებშია, გავაგრძელო ჩემი მხატვრული გზა, რაც შეიძლება მეტი ახალი ვნახო და ვიმუშაო საკუთარ თავზე.

                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები