ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური ცენტრის უფროსმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა არველაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან ხულოს მუნიციპალური განყოფილების უფროსთან ვაჟა კოჩალიძესთან ერთად, შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„საინფორმაციო შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:

საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;

საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;

უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება 1275 ლარიდან 1530 ლარამდე.

11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ პირებს მიენიჭებათ ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება.

ნებაყოფლობით გაწვევის პირობები:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები