დავით მათიკაშვილი: დასაგმობია ის ფაქტი, რომ საელჩოები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში
“ეს შეხვედრები უნდა ეხებოდეს იმას, რომ რადიკალიზმის და ექსტრემიზმის სივრცეები შეიზღუდოს საქართველოში და კარგი ახსნა-განმარტება მისცენ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, რომ მათი მთავარი პრობლემა საზოგადოების მხრიდან უნდობლობაა,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, აშშ-ს საელჩოში სალომე ზურაბიშვილის მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დასაგმობია ის ფაქტი, რომ საელჩოები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.
„კონკრეტულ შეხვედრაზე ვერ გესაუბრებით. მისი შინაარსი არ ვიცი. მაგრამ ეს შეხვედრები ორ ქვეყანას შორის, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და გასაღრმავებლად უნდა ეხებოდეს იმას, რომ რადიკალიზმის და ექსტრემიზმის სივრცეები შეიზღუდოს საქართველოში და პრობლემები, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია და რა პრობლემაც რეალურად საზოგადოების მხრიდან უნდობლობაა კარგი ახსნა-განმარტება მისცენ სალომე ზურაბიშვილი იქნება ეს თუ სხვა.
სულ ახლახან იყო საფრანგეთის საელჩოსგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის გრანტის გადაცემის ფაქტი და საზოგადოებას ნაცარი შეაყარეს თვალში და თქვეს, რომ ეს ტურისტული მარშრუტების გახაზვას ესაჭიროებოდა. ასეთი მტკნარი სიცრუით როდესაც ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ბუნებრივზე ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია და ეს რეაქცია არის ცალსახა. ქვეყანას გააჩნია სუვერენიტეტი და ამ სუვერენიტეტს დაიცავს ბოლომდე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.