აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ზაზა ლომინაძე დაესწრნენ.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.

მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები, ქართული სამოსისა და სამკაულის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები გამოიფინა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნიკა ნიკვაშვილმა ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ და სიმებიანმა კვარტეტმა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

24 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი აზერბაიჯანულ ორკესტრთან ერთად ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი, ოთო ბაზერაშვილი და ანსამბლი „შვიდკაცა“.

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები