“პუტინი ცდილობს, აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს, რუსეთმა მათი მოთაფვლა გადაწყვიტა”- ვახტანგ ყოლბაია

“პუტინი, კრემლი ცდილობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს”- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ყოლბაიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება შეაფასა.
მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთის მოსახლეობის მოთაფვლა გადაწყვიტა.

 

“დაუმალავია ის, რომ რუსეთმა აფხაზებისადმი თავისი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ, რასაც ბჟანიას გადაყენება/გადადგომა და ახალი ე.წ პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლა მოჰყვა. რუსეთმა მოსახლეობის მოთაფვლა, მათთვის კოჭის გაგორება გადაწყვიტა. ერთ-ერთი მომენტი რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა. ამასთან, აფხაზეთის მოსახლეობას უფლება მიეცა, მართვის უფლებისთვის არა რუსეთში, არამედ აფხაზეთში ჩააბაროს, ამას ემატება ავიარეისების გახსნა, ასევე მატარებლის სპეცრეისის გახსნა, სოჭიდან სოხუმამდე, გაგრამდე, ამას ემატება იმ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებას მოყოლილი მთელი ვაი-ვაგლახი, რომელსაც დაუბრუნდნენ. დღეს, რა თქმა უნდა, პუტინი, კრემლი ცდილობს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია მოახდინოს. ითქვა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის, პრაქტიკულად, 70% რუსეთის მოქალაქის სტატუსს ატარებს, ეს დარჩენილი 30%-ისთვისაა გაკეთებული. ეს ნებაყობილობითი ანექსიაა, ოკუპაციაზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც ძალიან სერიოზული ტემპით მიდის.
ჩვენ თქვენთან გასულ ინტერვიუში ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს. ის ყველაფერს გააკეთებს იმის მისაღწევად, რომ “კვერით და თაფლით” ყველას ინტერესები დააკმაყოფილოს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ბიზნესმენთა რაღაც გარკვეულ ჯგუფზე, იმიტომ, რომ რუსეთის ბიზნესი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხასიათს ატარებს და მის პოლიტიკას მიჰყვება. მით უმეტეს, რუსეთის პირობებში, რა თქმა უნდა , პოლიტიკა და ბიზნესი განუყოფილია”- განაცხადა ყოლბაიამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები