“რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის, პრაქტიკულად, სრულ ინტეგრაციას ახდენს” – გია გვაზავა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია გვაზავას განცხადებით, რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის სრულ ინტეგრაციას ახდენს. გვაზავამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება შეაფასა.
როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, აფხაზების გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ინტეგრირებაა.
“რუსეთი თავის ქვეყანაში აფხაზეთის, პრაქტიკულად, სრულ ინტეგრაციას ახდენს. ესაა მთავარი მიზანი. ჩვენთან ალტრუისტები რომ არიან, როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ თურმე, რუსეთი ჩვენ რაღაცას დაგვიბრუნებს, ახლა სხვა პერიოდია, რა დროს ევროპაა და ა.შ. მათ საყურადღებოდ: ცოტა დაფიქრდნენ. რუსეთის ეს ნაბიჯი რაზე მეტყველებს – რუსეთი ამ რეგიონში თავის პოლიტიკას არასდროს შეიცვლის. ამას ის 300 წელიწადი ამზადებდა. რატომ ახლა და რატომ მანამდე არა? როდესაც ქართულ საზოგადოებაში გაისმა ის, რომ, თურმე ურთიერთობაში რაღაცა უნდა მოხდეს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს, ლაპარაკი იყო კონფედერაციულ მოწყობაზე, ქართულმა საზოგადოებამ ეს გაშიფრა და არ მიიღო იმიტომ, რომ კონფედერაცია დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. ამის შემდგომ რუსეთმა თავის პოლიტიკა უფრო ღიად გააგრძელა, გვიჩვენა, ახლა ჩემს ქვეყანაში აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას მოვახდენ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც გინდათო. პირველი – ჩვენთვის მიახლოებით ეს ერთი ნარატივია გამოგზავნილი, მეორე – თუ დააკვირდებით, არსად , არც ჩვენს მხარეს, არც იქითა მხარეს, დევნილთა დაბრუნებაზე ლაპარაკი არ იყო. ეს თემა დახურულია. იმიტომ, რომ, თუ დევნილები დაბრუნდნენ, მაშინ ინტეგრაციაც უფრო გაჭირდება, როგორც ჩანს. დააკვირდით რიცხვებს, ამას ვიმეორებ, რათა ქართულმა მოსახლეობამ არ დაივიწყოს: აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დამთავრების შემდგომ 5000 კაცია მოკლული, დახვრეტილი, ნაწამები.
რუსეთს ძალიან მარტივი გეგმა აქვს. დღეს აფხაზეთში პირველი კაცი, ანუ პრეზიდენტი აუცილებლად აფხაზი უნდა იყოს , ენა უნდა იცოდეს და ა.შ. დემოგრაფიული მდგომარეობა იქ უკვე იცვლება და შეიცვალა სომხებისა და რუსების სასარგებლოდ. ამიტომ ხვალ, თუ ზეგ აფხაზებს ძალიან მარტივ კითხვას დაუსვამენ: თქვენ გინდათ განვითარება? გინდათ ინვესტიციები? მაშინ უნდა იყოთ დემოკრატიულები, ამისთვის საჭიროა, რომ დემოკრატიული კანონები იქნეს შემოღებული, უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, თავისი პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს. რა შედეგით დამთავრდება ეს არჩევნები, ხომ ნათელია? მერე იტყვიან, რომ ყველაფერი დემოკრატიულად შეიცვალა და ა.შ. დემოგრაფიის კუთხით იქ ძალიან რთული სურათია და უკვე აფხაზები მიხვდნენ, ვისაც გონება შედარებით ნათელი აქვს, თუ რა მოელის ეთნოსს. გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოსთან ინტეგრირებაა. მათი გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. მათი ინტელიგენცია იმდენად გაბრუებულია იმ იდეოლოგიით, რომელიც კრემლიდან მოდიოდა და შემდგომ იმ ქონებით, რომელიც მათ ამ ომის და უბედურების შემდგომ იშოვეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან საჭიროა, ამ ყოველივეს უფრო გონივრულად შევხედოთ. თუ რამე არის ისეთი, რაზეც შეიძლება დათანხმება, შეგუება, კი, ბატონო, ყველასთან ვილაპარაკოთ, პირველ რიგში ,რა თქმა უნდა, აფხაზებთან. კონფედერაციულ მოწყობას ჩვენ კატეგორიული უარი უნდა ვუთხრათ, სხვა ფორმები შეიძლება, მოინახოს, მრავალი რაღაც არსებობს”- განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, ყველა ე.წ. შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის იდება, ანექსიისკენაა მიმართული.
“ეს ყველა ე.წ. შეთანხმება ტაქტიკური სვლებია იმ სტრატეგიისა, რომელიც აფხაზეთში ხორციელდება, ანუ ამ მიწის ანექსიისთვისაა. ეს ე.წ. შეთანხმებები აუცილებლად იმუშავებს. უკვე ჩანს, რომ რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს, იმიტომ, რომ თავისი პოზიციები გაიმაგროს. აფხაზი საზოგადოება, რა თქმა უნდა, უკვე მიხვდა, ეს რით შეიძლება, დამთავრდეს,. მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ მათ არ ეყოფათ ძალები ( დღეს ასე ჩანს, ღმერთმა ქნას, ხვალ სხვანაირად იყოს), რომ ამ საკითხს საბოლოოდ მოერიონ”- განაცხადა გვაზავამ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.