რევაზ სოხაძე: განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება
„პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც მოვინახულეთ განმუხურის, ანაკლიისა და მალთაყვის სანაპიროები. სანაპიროების ნაწილი ეროზირებულია, შესაბამისად გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაიწყებს სანაპიროების აღდგენის სამუშაოებს, ასევე, შევაფასეთ ამ ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალიც“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სანაპირო ზოლის დათვალიერების შემდეგ.
გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო იმ საჭიროებების დადგენა, რაც აუცილებელია განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისათვის.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
რამდენიმე უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ ტერიტორიების მოწესრიგებას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად ქცევას შეუწყობს ხელს.
პირველი ეტაპისათვის, გადაწყდა განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზიის არსებული პრობლემის მოგვარება. ამ დროისათვის, განმუხურის სანაპირო ზოლზე, ძლიერი ეროზიის გამო, ნაპირი 10-12 მეტრით ხოლო შესართავთან – 50-60 მ-ით უკან დახეულია. სანაპირო ზოლის აღსადგენად, ეროზიული პროცესების და სანაპირო ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესანარჩუნებლად, ჩატარდება სანაპირო ზოლის კვება, რაც გულისხმობს საჭირო რაოდენობის ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანას და შემდგომ მონიტორინგს.
სანაპირო ზოლების განვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ აქტივობას, გაზრდის შიდა და საერთაშორისო ტურიზმსა და რეგიონის განვითარების სტიმულს.