კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის III მასივში მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის III მასივში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განხორციელდა გამაგრებისა და სარემონტო სამუშაოები – შეიცვალა ფილები, კიბის საფეხურები, ელექტროსადენები და სანათები, მოეწყო მოაჯირები, ცხაურები, ფირნიშები, შეიღება კედლები და ჭერი. მიწისქვეშა გადასასვლელის სიგრძე 75 გრძივი მეტრია.

შესრულებულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„მიწისქვეშა გადასასვლელში წყლის ჩამოდინების სერიოზული პრობლემა იყო, ასევე, საჭირო გახდა გამაგრება, რომლის დასრულების შემდეგაც სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. სამღებრო სამუშაოები 745 კვ.მ ფართობზე შესრულდა, გრანიტის ფილები 503 კვ.მ-ზე დაიგო. მოქალაქეები უკვე აქტიურად სარგებლობენ განახლებული, კომფორტული გადასასვლელით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ვანდალიზმის შემთხვევების პრევენციის მიზნით, სამომავლოდ, გადასასვლელში ვიდეომონიტორინგიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები