რუსმა ოკუპანტებმა პოკროვსკის მახლობლად ორი სამხედრო ტყვე დახვრიტეს
გუშინ პოკროვსკის მიმართულებით სამხედრო დანაშაული დაფიქსირდა. რუსმა ოკუპანტებმა ორი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს,- ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.
“ოპერატიული მონაცემების თანახმად, 22 მაისს, დილით, ოკუპანტებმა შტურმით შეუტიეს პოკროვსკის რაიონის სოფელ უდაჩნოეს მახლობლად მყოფ თავდაცვის ძალების პოზიციებს, სადაც ოთხი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მისიებს ასრულებდა. შეტევის დროს აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ორი დამცველი შეიპყრეს, რის შემდეგაც ისინი დახვრიტეს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა ჯარისკაცების ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ინფორმაციით, დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება ომის დანაშაულის ჩადენას, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურის განცხადებით, სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და კლასიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული.