გია ვოლსკი: 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა
26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება და მას შემდეგაც“.
„რასაკვირველია, სამხედრო ღონისძიება ჩატარდება, ახალწვეულები ფიცს დადებენ თავიანთი ქვეყნის ერთგულებაზე. ვფიქრობ, არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება, მას შემდეგაც და მანამდეც. უბრალოდ, გარკვეული კანონებია, რომელიც დაცული უნდა იყოს. აზრის გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. საპროტესტო აქციაზე ევროპარლამენტარებიც ვიხილეთ და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მათთვის აქციაში მონაწილეობისთვის ხელი არავის შეუშლია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მათ ახალგაზრდებს სისხლის ღვრისკენ პირდაპირ მოუწოდეს. რასაკვირველია, ეს დაშვებული არ იქნება. სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ შემშრალა ის სისხლი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაღვარა, ისეთი გამწვავება დავუშვათ, რაც ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.