საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-სთან სამხედრო კონსულტაციების მორიგ რაუნდს მასპინძლობს
20-22 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით.
„სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.