ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე SDSU-ის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე; უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებზე; ინტერნაციონალიზაციის პროცესში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების პოლიტიკა აშშ-ის მაგალითზე.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2015 წლიდან ახორციელებდა ერთობლივ პროგრამებს: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ქიმია. ამჟამად თსუ-ში გრძელდება კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები