დავით უსუფაშვილი: თავისთავად კარგია, რომ არჩევნების თარიღი პრეზიდენტისა და პრემიერის კონსულტაციების შემდეგ გამოცხადდა

„საპარლამენტო არჩევნების თარიღის ადრე დასახელება ძალიან კარგია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დამკვირვებლებისთვის“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განმარტა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
„არჩევნების თარიღის დასახელება მიანიშნებს ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, რომელიც მინდა, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდეს. ძალიან კარგად მახსოვს არჩევნები, რომელიც დანიშნა ხელისუფლებამ დაახლოებით ათიოდე წლის წინ. არჩევნების დანიშვნის ქაღალდი პრეზიდენტმა ჯიბეში შეინახა, პირდაპირი გაგებით. უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა საქართველოში, ბატონი მაკკეინი. ორი დღე სვანეთში ისე ისეირნეს, რომ ჩვენ არ ვიცოდით არჩევნებთან დაკავშირებით. ორშაბათ დღეს გამოცხადდა არჩევნების თარიღი. მოგეხსენებათ, საარჩევნო კოდექსი არჩევნების თარიღს აბამს ყველაფერ დანარჩენს – რამდენი დღით ადრე უნდა მოხდეს რეგისტრაცია, კამპანიის დაწყება და კიდევ სხვა უამრავი თემაა. აღმოჩნდა, რომ მეორე დღე იყო დასვენება და პრაქტიკულად ნახევარი დღე გვქონდა იმისათვის, რომ მოგვესწრო პარტიების დარეგისტრირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილის განმარტებით, თავისთავად კარგია, რომ არჩევნების თარიღი პრეზიდენტისა და პრემიერის კონსულტაციების შემდეგ გამოცხადდა. „ორი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კონსტიტუცია ოქტომბერს განსაზღვრავს, როგორც საპარლამენტო არჩევნების თვეს. მეორე, საარჩევნო ბარიერი ავწიეთ 50%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მეტ ოლქშია მოსალოდნელი მეორე ტური. მეორე ტურის ჩატარებას სჭირდება სულ მცირე ორი კვირა. ასე რომ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ძირითადი არჩევნების თარიღი შესაძლოა, ამითიც იყოს გამართლებული, რომ ოქტომბრის განმავლობაში მოესწროს მეორე ტურების ჩატარება, კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც, სხვადასხვა ადგილზე და ასე შემდეგ. მე ამაში მინუსს ვერ ვხედავ, კარგია, რომ არჩევნების თარიღი ადრე დაინიშნა“, – განმარტა დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები