ხვალ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

  ხვალ, 22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წლის თემაა „წყალი და ენერგია”. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს ახორციელებს. წყალზე მონიტორინგის მიზანია, შეიქმნას ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარი – პლაზმურ-ემისიური სპექტროფოტომეტრი ICP-OES, რომელიც იძლევა საშუალებას, უმოკლეს დროში მაღალი სიზუსტით განსაზღვროს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის სინჯებში მძიმე ლითონების ფართო სპექტრი.
“აპარატის შეძენამდე ვერ ხერხდებოდა ამ სინჯების მაღალი ხარისხით გამოკვლევა. დღეს წყლის სინჯების აღება მოხდა თბილისის ზღვიდან, რომელიც შემდგომი გამოკვლევისათვის გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნა. წყლის სინჯები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ პირადად აიღო. ახალი დანადგარის მეშვეობით პირველადი შედეგები რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, საბოლოო დასკვნა კი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო წყლის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას რეგულარულად ატარებს. წელს წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ აქციაში სოლიკო ვირსალაძის სამხატრო ხელოვნების სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებს დასახატად მიეცათ თემა ,,წყლის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში” , ნახატების შესაქმნელად განსაზღვრული ჰქონდათ 35 წუთი. მოხალისეობრივ აქციაში მონაწილეთა ნამუშევრები ორშაბათს, 24 მარტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე აიტვირთება. 10 დღის განმავლობაში დაგროვილი „მოწონებების” რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც მინისტრი ხათუნა გოგალაძე სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს და სამინისტროში, ნახატების გამოფენა მოეწყობა”, – აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები