“დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მეტად სუვერენული, თუ ოდესმე ყოფილა მსგავსი ფაქტიც კი” – ნიკა გაბელია
“დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მეტად სუვერენული, თუ ოდესმე ყოფილა მსგავსი ფაქტიც კი”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ნიკა გაბელიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„როგორ ეტკინათ [ოპოზიციას], რომ ვერ ეგუებიან ამ ფაქტს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.
დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მეტად სუვერენული, თუ ოდესმე ყოფილა მსგავსი ფაქტიც კი. ასეთი რამ მე არ მახსენდება, როდესაც კანონის მიღების შემდეგ უცხოური ძალა იყოს ჩარეული ამ დონით, ამ დოზით ქვეყნის შიდა საქმეებში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ციდან გამოჟონილი და ჰაერზე მოტანილი სიტყვები, რომ „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი არის კავკასია იყოს რაც შეიძლება მკვეთრ და მძაფრ ცეცხლში გახვეული“, – აღნიშნა გაბელიამ.
ცნობისთვის, საზოგადოება „ქართულმა“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა“.