კახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული – დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
„დღევანდელი ევროპა ფაქტობრივად დაცლილია იმ სამართლიანობისა და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუციის შეფასებისას.
მისი თქმით, მსგავსი რეზოლუციები გაჯერებულია სიცრუით, რომელსაც ქართველი ხალხი კარგად ხედავს.
„ზოგადად, მსგავსი რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. ვიცით, როგორ იწერება რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით – ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში. რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ მაგალითად სააკაშვილი,რომელიც ევროპულმა სასამართლომაც დაადანაშაულა და აღიარა ის, რაც მას აქვს მისჯილი, გვეუბნებიან, რომ უნდა გათავისუფლდეს? იგივე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით – პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს და როგორი დანაშაული ჩაიდინა; პირდაპირ მიდის საუბარი, რომელიც არის გაჯერებული ტყუილით – გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, უყურებს. დღევანდელი ევროპა ფაქტობრივად დაცლილია იმ სამართლიანობისა და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ევროპული მომავალი ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართალზეა დაფუძნებული. დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისგან დაცლილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ძალიან მძიმეა, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი ან საელჩოს წარმომადგენელი ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს.
„ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ და ახალისებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი ინსტიტუციების ჩამოშლას. როდესაც აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას, ესვრი „მოლოტივის კოქტეილს“, სხვადასხვა მძიმე საგანს და ამ ყველაფერს ახალისებ, ხელს უწყობ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმეა, რომ მაგალითად, ამაში ჩართულია ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი; ზოგიერთი საელჩო პირდაპირ ახალისებს პოლარიზებას და ექსტრემიზმს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.