იუკნევიჩიანე ამტკიცებს, რომ ამაღლობელს ციხეში სცემეს, ადვოკატი ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია

,,რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადება მზიას ჩემთან არ გაუკეთებია”,- ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მედიაჰოლდინგ ,,კვირასთან” საუბრისას აცხადებს.

“კვირა” დაინტერესდა, ციხეში მზია ამაღლობელის ცემის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ამაღლობელს დაზიანებები შესახლებისას ჰქონდა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

,,რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით განცხადება მზიას ჩემთან არ გაუკეთებია.

შესახლებისას ჰქონდა დაზიანებები. ვისი მხრიდან არ ვიცით, გამოძიებამ საკითხი არ გამოიძია. ყურადღებაც არ მიაქცია ამ საკითხს.

რეაგირება არ ყოფილა. არც კი ჰკითხეს საიდან ჰქონდა მზიას ეს დაზიანებები. ექსპერტიზას არ მიაწოდეს დოკუმენტები. გარდა ამისა, მზია მიუთითებდა მის წინააღმდეგ იმ ძალადობაზე დგებუაძის მხრიდან (დაკავებისას სიტყვიერზე, საცემად მიიწევდა) ეს ჩვენება მიცემული აქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მაგრამ დღემდე ნულოვანი რეაგირებაა. დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი მზია ამაღლობელი.
მას შემდეგ რაც მზია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა, უკვე თებერვალში, როცა ვივამედში იმყოფებოდა, მას ჰქონდა მხედველობის დრამატული კლება. დაავადება რომელიც თვალზე აქვს (კერაქტოკონუსი) მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, თუ არ მიექცა ყურადღება სიბრმავეს იწვევს. მიუხედავად ამისა, მონიტორინგი, კვლევა არ მომხდარა. მზია მიუთითებს რომ მხედველობა კიდევ უფრო უარესდება. ვითხოვთ, მისი მხედველობის მონიტორინგს”, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა: “ვიყენებ შესაძლებლობას, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც აქ იმყოფებიან და გვისმენენ, ასევე ევროპულმა მედიაორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობას, ჟურნალისტისას, რომელიც ციხეშია. მას სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები