“ალოობა აქტიურ ფაზაშია, წელს საქართველოში ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა”- ლევან სილაგავა
“წელს საქართველოში ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა”,- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
სილაგავამ ალოობის პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, როგორია ქართული ხორბლის მოსავლის აღების მიმდინარეობა, მარცვლეულის ხარისხობრივი მაჩვენებელი და ფასები.
“წელს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა, ანუ შარშანდელთან შედარებით ცოტა მეტია. ეს 200 000 ტონა სასურსათო და არასასურსათო ხორბლის ჯამია. თუ ჩვენ ალოობის მიმდინარეობას განვიხილავთ: ალოობა დროის მიხედვით აქტიურ ფაზაშია, მაგრამ, ფიზიკურად შეფერხებები გქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანობაში ხორბლის აღების ტემპს ამინდებმა, სამწუხაროდ, ხელი არ შეუწყო. პირველი იყო რაღაც ციკლი, როდესაც ხუთ დღეს გადაუღებლად წვიმდა. ეს იყო დაახლოებით ერთი – ორი კვირის წინ, ახლაც, დაახლოებით ხუთი დღე წვიმდა. ამან მოსავლის აღებას სტანდარტულად და გეგმურად ხელი შეუშალა. პლუს ამას ხორბლის ხარისხის მაჩვენებლები, ფაქტობრივად, გარკვეულწილად, პრობლემური გახდა, იმიტომ, რომ ხორბლის ნაწილი სასურსათოდან არასასურსათო ხორბალში გადავიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შტაბია შექმნილი, სადაც ეს საკითხი იქნება განხილული – ეს პროგნოზები, გარკვეულწილად, ხომ არ გადაიხედება, მათ შორის, ხორბლის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით. სავარაუდოდ, კორექტირება იქნება. იმედი გვაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი კორექტირება არ იქნება. თუმცა, ახლა ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს. შტაბში ვმონაწილეობთ ჩვენ, ფერმერები, პურის მწარმოებლები და რაც ყველაზე კარგია, ახლა კომბინირებული საკვების მწარმოებლები შემოგვიერთდნენ, ისინიც ყიდულობენ ხორბალს, ამ შტაბის ფარგლებში კომუნიკაცია არის.
შარშანდელი სასტარტო ფასები 1 კგ სასურსათო ხორბალზე დაახლოებით 60 თეთრის ფარგლებში იყო. დღესდღეობით წისქვილკომბინატებში ჩაბარების ფასი მაქსიმუმ 70 თეთრია, ხოლო 65 თეთრი ქვედა ზღვარია. ეს ფერმერებისთვის რეალურად კარგია.” – განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, მომავალი თვე-ნახევრის, ორი თვის განმავლობაში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდა, შეიძლება, ხორბალზე ფასები ოდნავ ქვემოთ წამოვიდეს. როგორც სილაგავამ განაცხადა, ხორბლის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ფასმა ფქვილზეც დაიწიოს.
“მსოფლიოში და რეგიონულად, როდესაც მოსავლის აღება ხდება, ისტორიულად ფასზე გარკვეული წნეხია, ხოლმე. იმიტომ, რომ ხორბლის აღება მიმდინარეობს. იმ ხორბლის გამოტანა ხდება, რომელიც ქვეყნებში ჯერ კიდევ მარაგების სახითაა დარჩენილი. ამავე დროს ახალ ხორბალს აბინავებენ. ამ ორი პროცესის ურთიერთქმედება ამ პერიოდში ფასებზე ყოველთვის წნეხს, ანუ ფასების უკან წამოსვლას იწვევს. რეგიონულად დღესაც იგივე მიმდინარეობს: რუსეთში ხორბლის აღების და დაბინავების პროცესია, ასევეა უკრაინაში, ევროკავშირის ბაზარზე. შესაბამისად, ეს ფასებზე, ფაქტობრივად, ზეწოლას ახდენს. აქედან გამომდინარე, ფასები ოდნავ შემცირებულია. მაგალითისთვის, თუ ჩვენს პირობებზე გადმოვიტანთ: იმპორტირებული ხორბლის შემოტანა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ კილოგრამზე ერთი ლარის ფარგლებში იყო, დღეს შემოტანა, დაახლოებით, 80 – 85 თეთრის ფარგლებშია. მე ვთქვი, რომ ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი 65-70 თეთრია. სხვაობა იმითაა განპირობებული , რომ იმპორტირებულ ხორბლის ფასთან მიმართებაში დღგ-ს ჩათვლა ხდება, ქართული ხორბლის მიწოდება კი დღგ -დან გათავისუფლებულია. შესაბამისად, ესაა ზუსტად ის სხვაობა, დაახლოებით 18%, რომელიც იმპორტირებული ხორბლის მიღების ფასსა და ადგილობრივი ხორბლის მიღების ფასს შორისაა. სავარაუდოდ, მომავალი თვე-ნახევრის, ორი თვის განმავლობაში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდა, ეს ფასები გვექნება, შეიძლება, ოდნავ ქვემოთ წამოვიდეს. სექტემბერ-ოქტომბრიდან რეალურად ფასები იზრდება ხოლმე, როდესაც ხორბლის მოსავალი დაბინავდება. შემდგომ გარკვეული სტაბილიზაცია და ზრდა არის ხოლმე, თუმცა წელს რა იქნება ზუსტად არ ვიცით. მე ვამბობ, კლასიკურად როგორ ხდება.
რაც შეეხება ფქვილს: ამჟამად 1 ტომარა ფქვილის ფასი 56 ლარის ფარგლებშია. ესაა პირველი ხარისხის ფქვილი, რისგანაც პური ცხვება. ხორბლის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ფასმა დაიწიოს, ტომარაზე, დაახლოებით, სამი-ოთხი ლარით”- განაცხადა სილაგავამ.
თამუნა შეყილაძე