„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა“ და იურიდიულ კომპანია შპს “MLA” – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით,
მემორანდუმის საგანს წარმოადგენს საერთო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კომპანიის მიერ ასოციაციის წევრებისთვის იურიდიული მხარდაჭერის განხორციელება, თუ კომპანია და ასოციაციის წევრ(ებ)ი შესაბამის მომსახურების ხელშეკრულებას გააფორმებენ.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ასოციაციის განვითარების გზაზე. პარტნიორობა იურიდიულ სფეროში გამოცდილ კომპანიასთან არა მხოლოდ ჩვენს საქმიანობას მიანიჭებს ახალ სამართლებრივ საფუძველს, არამედ როგორც პროფესიულ, ისე ორგანიზაციულ დონეზე შესაძლებლობებს გააძლიერებს“ – განაცხადა „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი მიზნებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის საკითხებში რეკომენდაციების შემუშავება, ასოციაციის წევრებისთვის კონსულტაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა და სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის სამინისტროებთან, მარეგულირებლებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობა.
მემორანდუმის გაფორმება ერთობლივ სემინარებს, ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს, საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგსა და ანალიზს ითვალისწინებს. აგრეთვე, სფეროს ინტერესების სამართლებრივ დაცვასა და ცნობიერების ამაღლების და სისტემური განვითარების ხელის შემწყობი საერთო პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას უზრუნველყოფს.