9 ივლისი დაცვის პოლიციის დღეა
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თეიმურაზ კუპატაძე, ასევე, დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ, – ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ღონისძიება, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნა. თეიმურაზ კუპატაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიული წარმატებებისთვის, მათ მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა ისაუბრა დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დეპარტამენტმა, სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა.
ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს: განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონი დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს გადასცეს, ხოლო 24 თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.