სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მიმართონ, – ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის document@rda.gov.ge საშუალებით.
პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.