პროფესიით ფილოლოგი ემიგრაციამდე გურჯაანის საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 25 წელია საბერძნეთშია. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული.
დიასპორის გაზეთ „ელადას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი სისტემატურად აქვეყნებდა გაზეთში საინტერესო მასალებს ემიგრანტებზე, მათ სევდასა და სიხარულზე. ნაფპლიოში ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
ამჯერად ათენშია და აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას ათენის ქართულ სახლში. ის საქართველოს ღირსეული დესპანია, თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით. მისი ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები და იაგვ-არაკები მნიშვნელოვან ოქროს ფურცლებს დაიკავებს ემიგრანტული ლიტერატურის საგანძურში. არის მწერალთა კავშირის წევრი.
ცოტა ხნის წინათ, პროექტში „ერთი ლექსი ანა კალანდაძის კალიგრაფში“, რომელიც მიეძღვნა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს, – გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა მისმა ლექსმა „პოეტის სული“. – საბერძნეთში მცხოვრები პოეტის, ელენე (ლალი) ლაზაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდით…
– დავიბადე თბილისში, მაგრამ წარმოშობით კახეთიდან, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთიდან ვარ. იქ ავიდგი ფეხი, იქ გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა, სადაც სკოლის დირექტორი იყო ჩემი პაპა, ყველასთვის ცნობილი და საამაყო ადამიანი, ალექსანდრე თევდორაშვილი.
დედა სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, მამა გურჯაანის ხე-ტყის ბაზის გამგედ,რომელსაც უამრავი სიგელი და ჯილდო ჰქონდა მიღებული. მამა წერდა ლექსებს და არასოდეს გამოუქვეყნებია.
მე შევპირდი, რომ მისი ლექსების კრებულს გამოვცემდი. სიცოცხლეში ვერ შევუსრულე დანაპირები და დამნაშავედ ვგრძნობ თავს მის წინაშე, მაგრამ თუ ღმერთმა ინება, აუცილებლად შევასრულებ დანაპირებს.
ჩემი და ლია ლაზაშვილი მასწავლებელი იყო ემიგრანტობამდე. წერს ლექსებს, ჩანახატებს. ის ახლა საბერძნეთშია და ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე, სადაც ელოდებიან საყვარელი შვილები და შვილიშვილები.
ჩემი თეონა საბერძნეთში სწავლობდა და ნაფპლიოში დაამთავრა სკოლა. ბედნიერად ცხოვრობს ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად.
– საინტერესო ბავშვობიდან...
– ბევრი რამ იყო საინტერესო ბავშვობიდან, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ისე სასიამოვნოდ მახსენებენ თავს, რომ ღიმილსაც კი მგვრიან. ერთმანეთისგან გამორჩევა ძალიან მიჭირს, თუმცა,გავიხსენებდი ერთ მომენტს, როცა ვიყავი 4-5 წლის.
სახლს, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდა – ყვავილებით, სხვადასხვა ხილით სავსე. მე ძალიან მიყვარდა ფშატის ხის ძირში თამაში, რადგან იქვე მიწაში ჩასასვლელი იყო გაკეთებული კიბეებით, სადაც ცივი წყალი მოდიოდა. იქ თიხის ჭურჭელი ეწყო. გავავსებდი, ზემოთ ამოვიტანდი და ბებოსთან მიმქონდა. გაგონილი მქონდა, რომ პაპა არ მყავდა, გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილი სად მიჰყავდათ, ბებოს რომ ვკითხე, როგორც ჩანს, ამიხსნა, სადაც იყო ჩემი პაპა და მას მერე მე დავიწყე მიწის თხრა. ყოველდღე მიწიანი მქონდა ხელები, ტანსაცმელი. დედა და ბებია დამბანდნენ, გამომიცვლიდნენ. ცოტა ხანში ისევ მიწიანი ვიყავი. დიდხანს გასტანა ამ მდგომარეობამ. ისინი მიწით თამაშს მიშლიდნენ. მე კი იმაზე ვფიქრობდი, მიწაში რომ წყალი გამოდიოდა, იმაზე უფრო ღრმად გამეთხარა მიწა, რომ ჩემი გარდაცვლილი პაპა ამომეყვანა.
ერთხელ დედა დამადგა თავზე და მითხრა, ეგ რა თამაშია, სულ მიწას ჩიჩქნიო და ჩემს ნაჩიჩქნ ადგილს მიწა მიაყარა. წამომიყვანა სახლში და ისევ დამბანა. მე ვტიროდი და ვეუბნებოდი, ახლა როგორ ამოვიყვანო პაპა-მეთქი… აი, მაშინ გაიგეს დედამ და ბებიამ, რატო ვიჯექი სულ მიწაში.
– რატომ ფილოლოგობა?
– ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე, შემდეგ კი დახელოვნების ინსტიტუტში, თეოლოგიის სპეციალობით დაუსწრებელზე ჩავაბარე გამოცდები და მოვიპოვე უფლება, მესწავლებინა სკოლებში რელიგია და კულტურა.
თქვენ მეკითხებით, რატომ გადავწყვიტე ფილოლოგობა. ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა მასწავლებლობანას თამაში. ვაკეთებდი სასკოლო ჟურნალებს, ჩემი კლასის ბავშვები შემყავდა სიაში და ყოველთვის ქართულის მასწავლებელი ვიყავი. იმ დღისით თუ კლასში რომელიმე ბავშვი გამაბრაზებდა, სახლში ხომ უკვე „მასწავლებელი“ ვიყავი და იმ ბავშვს სულ ორიანებს ვუწერდი (ახლა მეცინება ამ ყველაფერზე).
– გურჯაანის N1 საშუალო სკოლაში მუშაობდით…
– ვმუშაობდი გურჯაანის N1 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის, რელიგიის და კულტურის მასწავლებლად. ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით გადავწყვიტე მეუღლესთან, თემურ მაისურაძესთან ერთად საბერძნეთში წამოვსულიყავი ცოტა ხნით. უხელფასო შვებულება იმ იმედით ავიღე, რომ მალე დავბრუნდებოდით სამშობლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, 26 წელია ისევ აქ ვიმყოფები.
– პირველი ლექსი…
– ამას თუ ლექსს დავარქმევთ, გავიხსენებ ერთ პატარა ეპიზოდს: მამიდასთან ვიყავით სტუმრად, 5-6 წლის ვიქნებოდი. საღამო იყო. ლამაზი ბაღი ჰქონდათ. ეზოში ვართ და უცებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე და აღფრთოვანებულმა თუ ბედნიერმა დიდი ხმით დავიწყე ყვირილი: „ეს მოხატულობა დაიწვას, ზამთარში კაბა ჩაიცვაას“!..
გადარეულა მამიდა (მამიდა მასწავლებლად მუშაობდა. ეს მისთვის ლამაზი ლექსი იყო) და დედასთვის უთქვამს, ეს ბავშვი ნამდვილად პოეტი გამოვაო. დიდ პოეტებს ვერ გავეჯიბრები, მაგრამ ამ ეპოქას რაც შეეფერება, მეც ვწერ რაღაცას. მერე სკოლის პერიოდში ვწერდი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა დედის გარდა. მეგონა, დამცინებდნენ და არავის ვუმხელდი. სკოლაში ვაჟა-ფშაველა რომ ვისწავლეთ, ვაჟაზე და მის შვლის ნუკრზე დავწერე და ა.შ.
– 26 წელია საბერძნეთში ხართ. გამოეცით რამდენიმე კრებული. ემიგრაცია ამძაფრებს სამშობლოს სიყვარულს, ტკივილებს და მონატრებას…
– ნამდვილად დიდი დროა ჩემი აქ, ამ უცხო მიწაზე ყოფნის. რა თქმა უნდა, ემიგრაციამ დიდი დაღი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას. ადვილი არ არის, მოსწყდე სამშობლოს ფესვებს, წახვიდე სხვა ქვეყანაში და იმ ქვეყნის ქუდი დაიხურო, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს და ნაძალადევად გიწევს იქ ყოფნა იმ იმედით, რომ დღეს თუ არა ხვალ დაბრუნდები, მაგრამ გარბიან წლები და ის „ხვალე“ არ მოდის.
რაც შეეხება ჩემს გამოცემულ კრებულებს, მასში ჩავდე მთელი სული და გული. ტკივილი, განცდა, მონატრება სამშობლოსი თუ ოჯახის, სიყვარული, უფლის რწმენა და სიყვარული!
ლექსების კრებულებია: „მე სიყვარულის წვიმებად მოვალ“ და მეორე, რომელიც ახლახან გამოიცა და პირველად თქვენს ინტერვიუში ვახმიანებ: „ნუ მიუხურავთ ჩემს ლექსს დარაბებს“.
საბავშვო კრებული „სიკეთის ფერები“ კი პატარებზეა გათვლილი. მასში შედის ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები და იგავ-არაკები.
წიგნი აღმზრდელობითი ხასიათისაა. სასიამოვნო წასაკითხია და რაც მთავარია, გაჯერებულია რწმენით, იმედით და სიყვარულით.
– დიასპორის გაზეთ „ელადას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი ხშირად აქვეყნებდით მასალას ემიგრანტებზე…
– გაზეთი „ელადა” ემიგრანტების საყვარელი გაზეთი იყო. მისი სულის ჩამდგმელი კი ქალბატონი ანა ყურშავიშვილი გახლდათ.
გაზეთმა „ელადამ“ ბევრი რამ შეგვძინა ემიგრანტებს – ერთმანეთის სიყვარული და გვერდში დგომა, რომ სამშობლოდან მოწყვეტილებს თავი მარტოსულად არ გვეგრძნო!
იმ პერიოდში არ იყო წვდომა ინტერნეტზე, არ არსებობდა სოციალური ქსელები და ემიგრანტების ნუგეში ეს ერთადერთი გაზეთი იყო. ქართველები ყოველ კვირა ჩვენი საყვარელი „ელადის“ გამოჩენას ელოდნენ!
– ნაფპლიოში ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდით…
– დავიწყებ იქიდან, რომ საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის ათენის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი ნუნუ ღურჭუმელიძე. როდესაც ის ნაფპლიოს ეწვია, გვესაუბრა, აგვიხსნა ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა და რომ საჭირო იყო პელოპონესზე, არგოლიდის მხარესაც ჰყოლოდა ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მოხდა ისე, რომ ემიგრანტების სურვილით მე ამირჩიეს საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის ნაფპლიოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სადაც გაწევრიანდნენ ემიგრანტი ქალბატონები. ქართველებს შორის უფრო მეტად დათბა ურთიერთობა.
მოგეხსენებათ, რას ნიშნავს უმუშევრობა უცხო ქვეყანაში. ამიტომ ყველა ერთმანეთს ედგა გვერდში. ხშირად ვიკრიბებოდით ნაფპლიოს ქართულ სათვისტომოში (ხელმძღვანელი გ.გოგუა) და ვეცნობოდით საქართველოს ამბებს. ვსაუბრობდით სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძვირფასი პერიოდი ნაფპლიოში ცხოვრების მანძილზე.
– ათენის ქართული სახლის წევრი ხართ. ხშირად იმართება ღონისძიებები, წარდგენები, გამოფენები… ასე ვთქვათ, სულის მოთქმის სავანეა…
– ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე. მოგეხსენებათ, კვირაში ერთი დღე გვაქვს დასვენების. ჩვენს შემთხვევაში კვირას ვისვენებთ, რათა ქართულ სახლში დაგეგმილ ღონისძიებებს დავესწროთ, ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ემიგრანტული დღეები, გავცვალოთ აზრები.
აქ ხშირად იმართება პრეზენტაციები, გამოფენები და უამრავი აქტივობა. ქართულ სახლში არსებობს ვახტანგ VI სახელობის საკვირაო სკოლაც, რომელიც ემიგრანტ ბავშვებს სამშობლოს სიყვარულს უღვივებს და აძლიერებს პატარების სულიერ სამყაროს.
რამდენიმე წელია ქალბატონმა დარეჯანმა კარგი პროექტი შემოიტანა – ქართველი ემიგრანტი პოეტების პოეზიის ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ჩვენს ძვირფას დედაენას.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ქართველი ემიგრანტი პოეტები. მათ შორის არიან საქართველოდან მოწვეული სტუმრები და მონაწილეობენ საკვირაო სკოლის მოსწავლეები.
– როგორც ვიცით, ათენში გაქვთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „კავკასია“…
– ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ დამფუძნებელია ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე. გარდა ამისა, ბატონი ავთანდილი არის ათენის ქართულ-ბერძნული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი 1997 წლიდან.
როგორც ცნობილი ელინისტი და კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალბერძნული მიმართულების ერთ-ერთი დამაარსებელიც არის.
ცენტრ „კავკასიაში“ პროფესიონალურად ფუნქციონირებს სახელოვნებო მიმართულებები (ქორეოგრაფიული და მუსიკალური სტუდიები). ეს ყველაფერი კი ემსახურება, ერთი მხრივ, ახალგაზრდობაში მშობლიური იდენტობის გაღვივებას და, მეორე მხრივ, ბერძნულ საზოგადოებაში ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენას.
ბევრ წელს ითვლის ჩემი თანამშრომლობა ცენტრ „კავკასიასთან“. ქართველი ემიგრანტებისთვის ხომ, ეს ის ადგილია, სადაც ყველას მიუხარია, რათა დაესწროს ლექცია-სემინარებს, ლიტერატურულ თუ შემეცნებით საღამოებს, შეხვდეს საქართველოდან ჩამობრძანებულ სტუმრებს, რომელთაც ჩვენი მონატრებული სამშობლოს სურნელება შემოაქვთ!
– აკადემია „გვირილას“ პროექტებშიც მონაწილეობთ…
– საქართველოში ვარ აკადემია „გვირილას“ წევრი, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი ერნა წიფურია. იგი საუკეთესოდ უძღვება ამ საქმეს, მართავს შესანიშნავ საღამოებს თბილისში, ქალაქგარეთ. მის ირგვლივ ტრიალებს მრავალი შემოქმედებითი ჯგუფი: ხელოვნების წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები, მხატვრები… მართალია შორს ვარ სამშობლოსგან, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, მივიღო მონაწილეობა მათ პროექტებში.
– „ერთი ლექსი ანა კალანდაძის კალიგრაფში” – საავტორო პროექტი მიეძღვნა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს. პროექტში თქვენი ლექსი „პოეტის სული“ მონაწილეობდა…
– „ერთი ლექსი ანა კალანდაძის კალიგრაფში” გახლავთ შესანიშნავი საავტორო პროექტი, რომელიც მიეძღვნა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს, და რომლის იდეაც ეკუთვნის ახალგაზრდა კულტურის მენეჯერს, ჟურნალისტ შალვა კამლაძეს. როდესაც გადაწყდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ლექსი უნდა შესულიყო ანა კალანდაძის კალიგრაფში, მე შალვას მივანდე, თავად აერჩია ლექსი. გაამართლა ამ ნდობამ და მან არჩევანი „პოეტის სულზე“ შეაჩერა. ლექსმაც და პროექტმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც შალვა ამბობს, ამ ლექსს ვიხილავთ ჟურნალ „უქიმერიონში“.
– ერთი ლექსი – საინტერესო ისტორიით…
– თითოეულ ლექსს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ამჯერად ერთ ლექსზე შევჩერდები. მისი ისტორია ასეთია: მე სადაც ვმუშაობდი, ამ ქალბატონის ქალიშვილს ხშირად მოჰქონდა ფსიქოლოგიური ტესტები და ვერთობოდით. ერთხელ, აივანზე ვისხედით. წვიმდა. არ ციოდა. სასიამოვნო ამინდი იყო. ვკითხულობდით ტესტებს და ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: რომ შეგეძლოს გარდაცვალების მერე მოსვლა, რას აირჩევდი, რა გინდოდა, რომ ყოფილიყავი? რასაკვირველია, მათ თავიანთი პასუხები ჰქონდათ, მე ჩემი. ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: შეხედეთ, რა საამოდ წვიმს. ვინატრებდი წვიმად მოვსულიყავი, სიყვარულის წვიმად, რომ სამყარო, ადამიანები სიყვარულის წვიმით დამესველებინა – მეთქი და იქვე დავწერე ეს ლექსი: „მე სიყვარულის წვიმებად მოვალ“.
მე მოვიარე გაზაფხულები და
შემოდგომის კართან შევჩერდი,
გადმოვალაგე მოგონებები,
ზოგს ვინახავდი და ზოგს კი ვხევდი.
შორს გაფრენილან ოცნების წლები,
ვდიე და ვდიე, ვერ დავეწიე,
ისევ წარსულში თუ ვიქექები,
გაცრეცილ ფურცლებს ვერ შეველიე…
ვინ იცის, ნეტავ, ჩემი ზამთარი,
იქნებ შორსაა, იქნებ ახლოა,
მე სიყვარულის წვიმებად მოვალ,
ბედმა თუ მეტი აღარ მადროვა!
– მოთხრობები, ზღაპრები, იგავ-არაკები… და მაინც, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას – ლექსებს თუ პროზაულ ნაწარმოებებს?
– გააჩნია, ალბათ, რომლის მუზა როდის მესტუმრება. თუმცა, როგორც ჩანს, პოეზიის მუზა არ უთმობს მათ პირველობას.
– ჰობი…
– ტკბილეულის ცხობა და ახალ-ახალი საჭმლის კეთება ჩემი შთაგონებით. – ბერძნების აზრით, საუკეთესოდ გამომდის. ქებას კი ნახვა ჯობიაო, იტყვიან ხოლმე.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმა ბევრი მქონდა.ამისთვის საქართველოში დაბრუნება იყო საჭირო, მაგრამ რამდენჯერაც დავსახე გეგმები, იმდენჯერ გამიცრუვდა იმედები… ამიტომ ღმერთს მივანდობ ყველაფერს!
თამარ შაიშმელაშვილი