ღუდუშაურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით ბორჩაშვილს ოპერაცია დღეს არ ჩაუტარდება
ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაცია დღეს არ ჩაუტარდება, – ამის შესახებ „კვირას“ ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა თამარ ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ამ ეტაპზე უცნობია, დასჭირდება თუ არა დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაცია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით ბორჩაშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ, თამარ ყიფიანმა კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, პაციენტს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.
კლინიკის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებით, საპირისპიროს აცხადებს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე.
მარიანა გელანტიას ინფორმაციით, პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ. მისი თქმით, ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩაუტარდება.
ექიმის განმარტებით, ბორჩაშვილს მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში დაახლოებით 7-8 თვის წინ ცეცხლნასროლი ტრავმა ჰქონდა მიყენებული. ასეთ შემთხვევაში ანტიტერორისტული დეპარტამენტი, სავარაუდოდ, დღეს ვერ შეძლებს მისთვის ბრალის წარდგენას. ბორჩაშვილის ადვოკატი კი უკვე რამდენიმე საათია დეპარტამენტში საქმის მასალებს ეცნობა. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ცნობილია, რომ ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების მუხლით არის დაპატიმრებული.