ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქაშუეთის ტაძარში წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
საჩუქრისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ძვირფასი ხატის მიღება. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში კი თქვენ, თქვენო უწმინდესობავ. ეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის.
ქართველებისთვის წმინდა გიორგი, მართლაც, განსაკუთრებული წმინდანია. ჩვენ არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. ის არის ჩვენთვის სიმბოლო სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა, ყველას გისურვოთ, ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის _ სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია, გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტაძარში.