საქართველოს პრეზიდენტმა და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა,  ახორციელებს.
შეხვედრისას განიხილეს NATO-ს მინისტერიალის და მომავალ წელს დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების კონკრეტული საკითხები. ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები.
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყანაში ღია და მშვიდი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.
„ვისაუბრეთ ასევე, ქვეყანაში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც NATO-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და ყველა ვისთანაც მქონდა დღეს შეხვედრა თანხმდება ამ საკითხების მნიშვნელობაზე. საკმაოდ ვრცელი დისკუსია გვქონდა საშინაო ურთიერთობების შესახებ. განვიხილეთ NATO-სა და საქართველოს ურთიერთობები  და ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას NATO-სთან.
ასევე დისკუსია შეეხო  იმ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „მეტ NATO-ს“  საქართველოში.
შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და მე მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ ვიზიტს ამ არაჩვეულებრივ ოფისში“ , – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები