სკანდალი: დავით უსუფაშვილის პირადმა დაცვამ პატაკი დაწერა და ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პირადმა დაცვამ გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პატაკი დაწერა და ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმ-ტაიმი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს და იქვე დასძენს, რომ შესაძლოა, ახალი კომპრომატები სწორედ უსუფაშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის ავტორობით გავრცელდეს.
გამოცემის ინფორმაციით, რუბაშვილი ამჟამად სწორედ ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სამსახურში აგრძელებს საქმიანობას.
ამასთან, “პრაიმ-ტაიმი” წერს, რომ რუბაშვილმა სააკაშვილს ოდესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები ჩაუტანა, მათ შორის მტკიცებულებების სახით.
“რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს უსუფაშვილის დაცვას “ქართული ოცნების” ლიდერებზე. ამის თქმა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, დახურული შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციამ, მართლაც, გაჟონოს. ქართულ პოლიტიკაში ამის გამოცდილება ნამდვილად არსებობს”,- წერს სტატიის ავტორი.
ამავე სტატიაში ცნობილი ხდება, რომ რუბაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტის თანახმად კი ირკვევა, რომ დავით უსუფაშვილის პირადი დაცვა – გიორგი რუბაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 15 ივნისს პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა.
თუ რა გახდა რუბაშვილის მიერ პატაკის დაწერის მიზეზი ან სად აგრძელებს იგი საქმიანობას, სახელწმიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ აკონკრეტებენ. გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა 2004 წელს დაიწყო.ის თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაცვაშიც მუშაობდა.
“როგორც ჩანს, კვლავ დაცვის ძველ ობიექტთან დაბრუნდა სამუშაოდ”,- ვარაუდობს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები