დავით უსუფაშვილი იორდანია – საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა გასულ კვირას, თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე იორდანიის დელეგაციასთან და აგვისტოს თვეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაზე, იორდანიის პარლამენტის წარმომადგენელთა საბჭოს სპიკერთან შეხვედრა გაიხსენა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს შეხვედრები ადასტურებს, რომ საქართველოსა და იორდანიას შორის კავშირები მაღალ დონეზე მყარდება, თუმცა, საჭიროა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს.
იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთა თქმით, გლობალიზაციის გამო, ყველა ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია, საერთო პრობლემატიკითა და პრიორიტეტებით. ამიტომაც, საჭიროა საქართველოს და იორდანიას, რომლებსაც ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად საკმაოდ დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვთ საკუთარ რეგიონებში, უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა გააჩნდეთ.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იორდანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მათი თქმით, იორდანია მრავალფეროვანი და ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლები ჰარმონიულად ცხოვრობენ. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა სტუმრებს საქართველო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროგრამების წამოწყების შესახებაც. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები საქართველოსა და იორდანიას ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში დაეხმარება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებაში საპარლამენტო დიპლომატიის როლზეც ისაუბრეს და უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები