რუსული მედია – „საქართველო ნატოში საწვრთნელ რეჟიმში შედის“
რუსული მედია საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ეხმაურება. „საქართველო ნატოში საწვრთნელ რეჟიმში შედის“, „გენერალური მდივანი საქართველოში სავარჯიშოდ ჩამოვიდა“, – წერს რუსული მედია. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ქართველი ექსპერტების განცხადებით, ბრიუსელი ცდილობს თბილისი „მოქრთამოს“, ვინაიდან თბილისი ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკას“ სავარაუდოდ ახლო მომავალში ვერ მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებს, მათი განცხადებით სტოლტენბერგის ვიზიტისადმი დიდი მნიშვნელობის მიქცევა არ ღირს, მაგრამ „ყოველი შემთხვევისთვის“ რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო-პოლიტიკური მონაწილეობა უნდა გააძლიეროს.
რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საბჭოს თავდაცვის პროგრამების უფროსის მოადგილე დიმიტრი სუსლოვი ამბობს, რომ თბილისთან ახლოს სასწავლო ცენტრის გახსნა არის ნატოს მიერ ევროატლანტიკური სწრაფვის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაცვის იდეის დემონსტრირება. „აშშ-ს „არწივებს“ შორისაც უკვე ჩამოყალიბდა კონსენსუსი ნატოში საქართველოს გაწევრიანების უპერსპექტივობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ექსპერტი „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
სუსლოვის აზრით, ნატოს გაფართოვების ფილოსოფია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში „უსაფრთხოების პრეზუმფციას“ და იმ მოსაზრებას ეყრდნობოდა, რომ რუსეთს ამ მოძროაბაზე პოლიტიკური ჟესტების გარდა სხვა რეაგირება არ ექნება. მაგარამ, ექსპერტის თქმით, 2008 წლის ომმა ნატოს გაფართოვების პარადიგმა მთლიანად შეცვალა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოიხსნა. „ამ პირობებში დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს იმის შთაბეჭდილება, რომ ძველ პარტნიორებს ის არ ღალატობს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ასეთი ცენტრის გახსნაა“, – აცხადებს სუსლოვი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს მიაჩნია, რომ საქართველოში ნატოს პოზიციების გაძლიერება დღევანდელ პირობებში რუსეთს საფრთხეს არ უქმნის. „შესაძლებელი რომ ყოფილიყო, თბილისი და ალიანსი უკვე დიდი ხანია გაერთიანდებოდნენ, მაგრამ ეს გამორიცხულია საქართველოს და „რუსულ სამყაროს“ შორის საზღვარზე არსებული ტერიტორიული საკითხის მოუგვარებლობის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ფხიზლად ვიყოთ და საქართველოში ნატოს ნებისმიერ ქმედებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო – პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდით ვუპასუხოთ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.