გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარება შეუქცევადია

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლისა და მის ტერიტორიაზე ახლად გამოვლენილი აღმოჩენის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

ერთი მხრივ, საზოგადოება, დარგის სპეციალისტები და მედია, რამდენიმე წელია, აკვირდებიან და ეცნობიან ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარების ეტაპებს. მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გრაკლიანის განვითარება საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმ მიზნით, რომ ადგილზე მოეწყოს ღია გზისპირა სამუზეუმო სივრცე და უძველესი კულტურის წარმოსაჩენი თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე მოხდეს ახლად გამოვლენილი წარწერის გაშიფვრა, რათა ქართველ მეცნიერთა მიღწევა საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე დადასტურდეს და გამყარდეს.

გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ამზადებს ექსპრესპუბლიკაციას და სამუშაო ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად. მასალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის გორა ცხადად გამოხატავს სახელმწიფო პოლიტიკას ძეგლთა დაცვის სფეროში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ, კიდევ არაერთ საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 430 000 ლარს შეადგენდა. 2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა – 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება.

2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები