რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო – რას ფიქრობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები
სომხეთთან, ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ მორიგი წვრთნები მიმდინარეობს.
მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში 9 ათასამდე არტილერისტი და 3 ათასამდე ერთეული სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი მონაწილეობს. „ერთი თვის განმავლობაში არტილერისტები წვრთნებზე პროფესიული მომზადების დონეს გააუმჯობესებენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოტომსროლელთა და სატანკო შენაერთების მხარდაჭერის წვრთნებში. საარტილერიო ცეცხლის მართვის პულტებზე წვრთნებს განსაკუთებული ყურადღება დაეთმობა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წვრთნების დასკვნით ეტაპზე „გრადის“, სმერჩისა“ და „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლა შედგება. რუსეთის მიერ წვრთნების დაწყება ქართველი ექსპერტებისთვის მოულოდნელი არ არის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საკუთარი ქმედებით მოსკოვი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და საერთაშორისო უსაფრთხოებას. “ნებისმიერი ასეთი ტიპის სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსეთის სამიზნე ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო ან უკრაინა, არამედ – საერთაშორისო უსაფრთხოებას, ასეთი ბერკეტების გამოყენებით რუსეთი ცდილობს, საკუთარი თავი აგრესიული რევანშიზმის მომხრე მოთამაშედ დაიმკვიდროს. ამის შედეგია ის, რომ ნატომ შეცვალა პოლიტიკა და უკვე აქტიურად განიხილება ის ზომები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ნატომ მაქსიმალურ თავდაცვას რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ექსპერტი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული წვრთნების ფარგლებში შორ მანძილზე სროლების განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ მოხდება, რადგან იქ არ არის შესაბამისი პოლიგონები.
“ასეთი წვრთნები ხშირად ტარდება. ამაში განსაკუთრებულად საშიში არაფერია, ისინი ამოწმებენ თავიანთი ჯარების მზადყოფნას, შორ მანძილზე სროლები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ იქნება, რადგან იქ არ არის ამისთვის საჭირო სპეციალური პოლიგონები. როგორც ჩანს, სწავლება ადგილზე იქნება. რაც შეეხება შორ მანძილზე სროლებს, ის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარდება“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე რუსეთის წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ. ლოლაძის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ აწარმოებს.
“როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რათა მოხდეს ჩვენი მოწინააღმდეგის მაქსიმალური შეკავება იმ ფარგლებში, სადაც ის დღეს იმყოფება და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, ის ჯარი, რომელიც წვრთნებს გადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აუცილებლად დატოვებს საქართველოს”, – განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, ურთიერთობის გაღრმავება და განმტკიცება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. “ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ურყევი კურსი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, – აღნიშნა ლოლაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის,“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ ქმედებებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ევროკავშირიდან შეფასებები მოჰყვება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის ერთი მხარე. “ეს არის ბუნებრივია ნაბიჯი, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. ეს არის, გარკვეულწილად, მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ მიზანმიმართულად უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენს შეიარაღებას, სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და ვაძლიერებდეთ ეკონომიკას”, – განაცხადა ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი. “არ არის აუცილებელი რაღაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის მზად ვიყოთ და თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნები 18 სექტემბერს დასრულდება.