უფლებადამცველები მოსამართლეთა შერჩევა -დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს,- ამის შესახებ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ გვარამაძის თქმით, 2014 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის 9 ოქტომბრის #308 გადაწყვეტილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს დახურულ სხდომაზე ტარდება. აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე კი საბჭოში გასაუბრებების ღიად ჩატარების პრაქტიკა იყო დამკვიდრებული.
„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები, წინა წლებისაგან განსხვავებით, დახურულ ფორმატში წარიმართა. კანდიდატების კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე უკიდურესი დაგვიანებით განთავსდა. ამან პრაქტიკულად წაართვა შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს, დასწრებოდნენ და შეეფასებინათ პროცესი, ეს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია. ამ პროცესის დახურვა კი ვერ შეუწყობს ხელს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და მისი ავტორიტეტის ამაღლებას პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოების თვალში. ამავე დროს, გასაუბრებების დახურული ფორმატი არ შეესაბამება საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდის ბოლო წლებში დაფიქსირებულ ტენდენციას.
იმ პირობებში, როდესაც საბჭოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, და მის ინდივიდუალურ წევრებს არ აკისრიათ ვალდებულება, დაასაბუთონ მათ მიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ღიაობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას დაინტერესებული პირებისათვის, რომ არასრული ფორმით, მაგრამ მაინც დააკვირდნენ შერჩევა-დანიშვნის პროცესს, გამოკვეთონ და გაასაჯაროონ ამ პროცესის დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეები და გარედან დაეხმარონ სისტემას მის გაჯანსაღებაში. ამ პროცესის დახურვით კი სრულად შეუძლებელი ხდება გარეშე პირებისათვის იმის შეფასება, როგორ მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი“, – აღნიშნავენ კოალიციის წარმომადგენლები.
კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, საბჭომ გამჭვირვალობისა და ღიაობის სასარგებლოდ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის მარეგულირებელი წესები უნდა შეცვალოს.
„ იმის გათვალისწინებთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, კოალიციას მიაჩნია, რომ საბჭომ გამჭვირვალობისა და ღიაობის სასარგებლოდ უნდა შეცვალოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის მარეგულირებელი წესები. კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს აღნიშნული საკითხის განხილვას და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში“, – აღნიშნავს „კონსტიტუციის 42 მუხლის“ წარმომადგენელმა ნინო ელბაქიძე.
უფლებადამცველების თქმით, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრებს ჰქონდეთ ვალდებულება დაასაბუთონ, რა კრიტერიუმებით მოხდა მოსამართლეობის ამა თუ იმ კანდიდატის შერჩევა თუ დაწუნება.
„დღეს არსებული წესებით თვითნებობის და მანიპულაციის მაღალი ალბათობა არსებობს, რადგან საბჭოს წევრები ვალდებულნი არ არიან, დაასაბუთონ, რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატის შერჩევა თუ დაწუნება“, – აღნიშნა ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.
მისივე თქმით, ამის გარდა პრობლემურია მოსამართლეთა რაოდენობაც. როგორც სოფო ვერძეულმა განმარტა, ერთ მოსამართლეს ხშირად 250-300 საქმემდე აწერია, რაც, მისი თქმით, მართლმსაჯულების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები