“თუ გარკვეულმა ჯგუფებმა ე.წ. საზღვარზე გაუაზრებელი მოქმედებები გააგრძელეს, ოსებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნან“

რუსეთის დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არ შეუცვლია, – ამის შესახებ ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს და კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია განუწყვეტლივ უკიჟინებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ პროდასავლური კურსი შეცვალა, ეს მტკნარი სიცრუეა. რუსეთის ამგვარი დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი არ შეუცვლია. ამის მაგალითია თუნდაც ევროასოცირებისა და საფრანგეთთან სულ ახლახან გაფორმებული უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულებები. რუსეთის გაღიზიანება განაპირობა ამ უკანასკნელმაც, თავდაცვის საშუალებების თაობაზე ხელმოწერილმა დოკუმენტმაც“,- აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, ის, რაც შიდა ქართლში ხდება, სწორედ საოკუპაციო პროცესის ნაწილია. ,,არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთი გააგრძელებდა საოკუპაციო პროცესს – ის შეგნებულად არ იკავებდა მთლიანად იმ ტერიტორიას, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო, განსაკუთრებით ორჭოსნისა და ხურვალეთის მონაკვეთს. ამას აკეთებდა იმიტომ, რომ საქართველოზე ასეთი დემონსტრაციული ზეწოლის საშუალება ჰქონოდა მაშინ, როდესაც დასჭირდებოდა“,- აცხადებს არეშიძე. მისი თქმით, რუსეთის გაღიზიანება განაპირობა საფრანგეთში თავდაცვის საშუალებების თაობაზე ხელმოწერილმა დოკუმენტმაც. არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ პუტინი და რუსეთი იმას უცდიან, რომ ე.წ. საზღვარზე რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდეს, რაშიც შემდეგ ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ. ,,თუ გარკვეულმა ჯგუფებმა ე.წ. საზღვარზე გაუაზრებელი მოქმედებები გააგრძელეს, ოსებმა შესაძლოა, ცეცხლი გახსნან და ქართველები ნიღბიანი „ბოევიკების“ თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ქართული მხარე იძულებული იქნება, სროლას სროლითვე უპასუხოს, რასაც ის მოჰყვება, რომ რუსული ჯარი რამდენიმე წუთში დაიკავებს ავტობანს. იქიდან კი რუსების გასაყვანად რამდენი შეხვედრის ჩატარება მოუწევს აბაშიძეს კარასინთან, არავინ იცის, ასე რომ, ფრთხილად! რუსულ ხაფანგში არ გავებათ“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები