მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100-ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან.
კომისიის ინფორმაციით, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილება “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების” წესებში შევიდა. კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
“საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება, თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ. წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.