შეთანხმება ვერ შედგა, რადგან უარი ნათია ჯანაშიას მხარემ განაცხადა – გიორგი ცუცქირიძე

„საინვესტიციო და აქციონერთა დავებში ხშირად დავის საგანი არის არა მხოლოდ ფულის დანიშნულება, არამედ ისიც, თუ ვისი უფლებამოსილებით, რა პროცედურებითა და პარტნიორთა შორის რა შეთანხმებების საფუძველზე იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. შესაბამისად, “რეინვესტიცია” ავტომატურად არ გამორიცხავს სამართლებრივი დავის არსებობას”, – აღნიშნავს  “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. შეგახსენებთ, ამ დავის სხვადასხვა ასპექტის თაობაზე ანალიტიკოსი, პერიოდულად, საკუთარ შეხედულებებს მედიითა და სოციალური ქსელით აზიარებს.

მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა საინვესტიციო ვალდებულებების საკითხი და ახალი კამპუსის განვითარებასთან დაკავშირებული დისკუსია. ნათია ჯანაშიას მხარე, რომელიც კომპანიაში მინორიტარი აქციონერია და 30%-ს ფლობს, აცხადებს, რომ ინვესტორმა არ შეასრულა აღებული ვალდებულებები,  თუმცა საქმის ეკონომიკური სურათი უფრო კომპლექსურია. კერძოდ, ფაქტია, რომ 2019 წელს 29.3 მილიონ ლარად 70%-იანი წილის შეძენა, თავისთავად იყო საკმაოდ მსხვილი კაპიტალდაბანდება, რამაც კომპანიას განვითარების დამატებითი შესაძლებლობები მისცა”, –  ამბობს ცუცქირიძე.

“საჯარო სივრცეში განთავსებული ფინანსური რეპორტების შესწავლის საფუძველზე იკვეთება, რომ ამავე პერიოდში სკოლა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაიზარდა, რასაც ირიბად თავად მინორიტარი მხარეც ადასტურებს 2024 წელს გაკეთებული გამოსყიდვის შეთავაზებით. შესაბამისად, ინვესტიციების არასრულყოფილად შესრულების საკითხი ცალმხრივ ბრალდებად ვერ აღიქმება – აშკარაა, რომ ორივე მხარეს აქვს საკუთარი ფინანსური და მმართველობითი პრეტენზიები. ისიც დამდგარი ფაქტია, რომ ინვესტორის მიერ 70%-იანი წილის შეძენის შემდეგ კომპანიამ მიიღო დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები და ბაზარზე გაცილებით ძლიერად პოზიციონირდა, რაც განვითარების პროცესზე ობიექტურად ახდენდა გავლენას. ამიტომ, ნათია ჯანაშიას მხრიდან პროცესის როგორც “გმირების” და “მტაცებლების” დაპირისპირებად წარმოჩენა რეალურ სურათს ღიმილისმომგვრელად ამარტივებს”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 2024 წელს დაფიქსირებულ წილების გამოსყიდვის ეპიზოდს, რაც საჯარო დისკუსიებში ხშირად არასრული ფორმით არის წარმოდგენილი.

“მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავდაპირველად სწორედ ნათია ჯანაშიას მხარემ გააკეთა შეთავაზება მაჟორიტარული წილის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ხოლო საპასუხოდ ინვესტორმა 30%-იანი წილისთვის უფრო მაღალი – წილის ერთეულზე ჯანაშიას მიერ შეთავაზებულზე დაახლოებით 33%-ით გაზრდილი თანხა დააფიქსირა. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა, რადგან უარი ჯანაშიას მხარემ განაცხადა. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ართულებს ჯანაშიას მხრიდან “ცალმხრივი მსხვერპლის” წარმოდგენილ ნარატივს და აჩვენებს, რომ მხარეებს შორის დავა მხოლოდ ემოციურ ან მორალურ კატეგორიებში ვერ განიხილება – საქმე უფრო რთულ ბიზნესკონფლიქტთან გვაქვს. ასეთ პირობებში კი მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო შეფასებები არა საჯარო ემოციებზე, არამედ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და დოკუმენტებზე დაფუძნდეს”, – მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები